საქართველოში სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა გაიზარდა

სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა 2022 წლის აგვისტოში შემცირდა.
Sputnik
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა სამიდან ოთხ წლამდე გაზარდა, ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.
2022 წლის აგვისტოში სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა 4-დან 3 წლამდე შემცირდა.

„იმის გათვალისწინებით, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია, ხოლო აქტივობა სტაბილურ დონეზე რჩება, მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ამ ტიპის სესხების მაქსიმალური ვადის ლიმიტი 3 წლიდან კვლავ 4 წლამდე გაიზრდება“, – ნათქვამია ანგარიშში.

ეროვნული ბანკი მომავალშიც გააგრძელებს დაკვირვებას სამომხმარებლო დაკრედიტების ტენდენციებზე, რადგან ჯანსაღი საკრედიტო სტანდარტები ამ სეგმენტში შინამეურნეობების ვალის სტაბილურობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
სამომხმარებლო კრედიტები
2019 წლიდან საქართველოში ამოქმედდა ფიზიკური პირებისთვის "პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა", რომელმაც "შეაჩერა სესხების გადაჭარბებული ზრდის შედეგად წარმოქმნილი ფინანსური რისკები და ამავდროულად დაეხმარა სესხების გადამისამართებას უფრო პროდუქტიულ დარგებზე".
კრედიტები ფერმერებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება>>>
საქართველოს ხელისუფლებამ 2019 წლის 1 იანვრიდან კრედიტების გაცემის წესები გაამკაცრა. კერძოდ, ბანკებსა და საფინანსო ორგანიზაციებს კრედიტის გაცემა შეუძლიათ მხოლოდ ვალის აღების მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალური ანალიზის შემდეგ და მხოლოდ სუფთა შემოსავლებიდან გამომდინარე.
გარდა ამისა, დადგენილია კრედიტზე ყოველთვიური გადასახადის ლიმიტი, კრედიტის ვადა, და აკრძალულია 200 ათას ლარამდე თანხის გაცემა დოლარში.
თუმცა, 2022 წლის ივლისის ბოლოს რეგულატორმა ეს ბოლო ნორმა ნაწილობრივ შეარბილა და გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით, მოქალაქეების ნაწილს 200 ათას ლარამდე ვალის აღება უცხოურ ვალუტაში – დოლარში ან ევროში შეუძლია. ამ კრედიტებისთვის ქვედა ზღვარი დადგენილი არ არის.