კალაძე: პრეზიდენტის ნაბიჯები მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ

სამარცხვინო ფაქტია, რომ ადამიანი, რომელიც პირველი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, მას არღვევს, განაცხადა კალაძემ.
Sputnik
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. პრეზიდენტის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ქმედებები და განცხადებები მიმართულია საქართველოს მომავლის წინააღმდეგ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას შორის ურთიერთობები 31 მარტს ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ განსაკუთრებით დაიძაბა. სახელმწიფო მეთაურმა პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, რომ გასულ წელს საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და რომ დღესაც ევროკავშირის რეკომენდაციები მხოლოდ ფორმალურად სრულდება. „ქართულ ოცნებაში" აღნიშნეს, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან" შეთანხმებულად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას.

„მისი მხრიდან ვისმენთ განცხადებას, რომ ჩვენი ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებდა და დაამატა, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც ეს იყო უსამართლო გადაწყვეტილება. თუ ვინმე სტატუსს იმსახურებდა, ეს სწორედ საქართველო იყო. შესაბამისად, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და, მარტივად რომ შევაფასოთ, მავნებლობა“, – განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, როდესაც პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, ეს სამარცხვინოა ადამიანისთვის, რომელმაც პირველმა უნდა დაიცვას კონსტიტუცია.
პარტიის გენმდივნის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი იმპიჩმენტს იმსახურებს, „ქართული ოცნების“ მხრიდან თავიდანვე განიმარტა, რომ ეს კონკრეტული გარემოებების გამო შეუძლებელი იყო.
„რაც შეეხება იმპიჩმენტს, თავიდანვე, როდესაც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა ამ საკითხზე განმარტება, ითქვა, რომ იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანა შეუძლებელი იყო რიგი გარემოებების გამო. თუმცა პრეზიდენტი, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ სახელმწიფოს, საკუთარ ხალხს, კონსტიტუციას და კანონს, ნამდვილად იმსახურებს იმპიჩმენტს“, – განაცხადა კალაძემ.
როდის გაიმართება კენჭისყრა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე - პაპუაშვილის განმარტება>>>
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ასევე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ დასრულებულია და ხალხი მხარს საქართველოს პრეზიდენტს უჭერს.

„ეს ადამიანი აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, საერთოდ ილუზიებშია. ვერ ხვდება, როგორ გახდა პრეზიდენტი და ვისი დამსახურებაა ეს ყველაფერი. საერთოდ, წარმოდგენა არ აქვს, რა ხდებოდა საპრეზიდენტო არჩევნებზე და დღეს რომელ კონკრეტულ პოლიტიკოსს, პოლიტიკურ პარტიას, ვის რა მხარდაჭერა აქვს“, – განაცხადა კალაძემ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. სარჩელი სასამართლოში წარადგინეს მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატებმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში.
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
საქართველოს პრეზიდენტი „რადიკალურ ოპოზიციასთან“ შეთანხმებულად მოქმედებს - კობახიძე>>>
მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
ზურაბიშვილის დაცვის მხარე აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.
სასამართლო კოლეგიამ ხმების უმრავლესობით უფრო არგუმენტირებულად მიიჩნია „ქართული ოცნების" დასკვნები. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი.