მსოფლიო დღეს

FT: ეგვიპტელი მაღალჩინოსანი ღაზიდან მილიონობით ლტოლვილის ევროპაში გაგზავნით იმუქრება

Sputnik
თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ეგვიპტე, დასავლეთის ზეწოლაზე პასუხად, რომ ღაზის სექტორიდან მილიონობით ლტოლვილი მიიღოს, მათი ევროკავშირის ქვეყნებში გაგზავნით იმუქრება, წერს ბრიტანული Financial Times.
გამოცემის თანახმად, ეგვიპტე შიშობს, რომ ისრაელი-„ჰამასის“ ომის განვითარების კვალდაკვალ დასავლეთი კიდევ უფრო გააძლიერებს სინის ნახევარკუნძულზე ლტოლვილების განთავსებასთან დაკავშირებულ ზეწოლას.
ამასთან FT აღნიშნავს, რომ ეგვიპტე აპირებს დაეხმაროს ღაზის სექტორს, მაგრამ წინააღმდეგობას გაუწევს პალესტინელი ლტოლვილების დიდი რაოდენობით მიღების ნებისმიერ მცდელობას.

„გინდათ, რომ მილიონი ადამიანი მივიღოთ? კარგი, მე მათ ევროპაში გამოვგზავნი. რახან ასე ძალიან ზრუნავთ ადამიანის უფლებებზე, თქვენ მიიღებთ მათ", — ციტირებს გამოცემა ანონიმი ეგვიპტელი მაღალჩინოსნისა და მისი ევროპელი კოლეგის საუბარს.

ევროპელი დიპლომატის თქმით, „ეგვიპტელები ძალიან, ძალიან გაბრაზებული არიან“ ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებული ზეწოლის გამო.
როგორც The Wall Street Journal წერდა ერთი დღით ადრე, ღაზის სექტორის მოსახლეობა ვერ შეძლებს რაფის საკონტროლო-გამშვები პუნქტით ევაკუაციას, ვინაიდან ეგვიპტის ხელისუფლება საკუთარ ტერიტორიაზე მხოლოდ იმ პალესტინელი ლტოლვილების შეშვებას აპირებს, ვისაც აშშ-ის ან სხვა რომელიმე დასავლური ქვეყნის პასპორტი აქვს.
მანამდე ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ამჟამინდელმა ესკალაციამ შეიძლება არალეგალი მიგრანტების ახალი ნაკადები გამოიწვიოს ევროპაში, „თუ გადაწყვეტილების მოძიებით არ დაკავდებიან“.