თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის დარღვევა იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში.
ვერდიქტი საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით დღეს გამოიტანა.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესი", – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ.
მოსამართლის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა საბოლოოა.
„სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას. დასკვნა ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. დასკვნა საბოლოოა და გადასინჯვას ან გასაჩივრებას არ ექვემდებარება", – განაცხადა ტურავამ.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დამოკრატიულმა საქართველომ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ წარდგინების განხილვა 5 ოქტომბერს დაასრულა. სასამართლოს კოლეგია სამი დღის განმავლობაში ისმენდა მხარეების არგუმენტებს იმის თაობაზე, მთავრობის თანხმობის გარეშე ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს საზღვარგარეთ ვიზიტების განხორციელების უფლება.
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
ზურაბიშვილის დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.
იმპიჩმენტის პროცედურა ახლა პარლამენტში გადაინაცვლებს. ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
როგორც მანამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა განაცხადა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში კონსტიტუციის დარღვევის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნება" უახლოეს ხუთ დღეში განსაზღვრავს, თუ როგორი იქნება მისი სამოქმედო გეგმა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში.