თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. პარლამენტს და მმართველ უმრავლესობას სურთ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თანამდებობიდან გადააყენონ იმის გამო, რომ ის ევროპელ ლიდერებს სთხოვდა მხარდაჭერას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში, განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ყოფილმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში ორშაბათს, 16 ოქტომბერს დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთავარი კანონი დაარღვია. სასამართლომ დაადგინა, რომ ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
„პარლამენტმა და მმართველმა უმრავლესობამ საჭიროდ ჩათვალეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენონ იმის გამო, რომ ზურაბიშვილი ევროპელ კოლეგებს სთხოვდა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, პარლამენტმა ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პრეზიდენტმა რაიმე ქმედებით ხელი შეუშალა სტატუსის მინიჭების პროცესს.
„პირიქით, მკაფიოდ არის დადასტურებული ის, რომ პრეზიდენტის ეს ქმედებები, ისევე, როგორც სხვა ქმედება, შეეხებოდა ევროპის წამყვანი ლიდერებისთვის თხოვნას – საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში ხორციელდება უკიდურესი შეზღუდვა პრეზიდენტის ინსტიტუტის და არა კერძოდ სალომე ზურაბიშვილის.
„მსოფლიოში არ არსებობს საპარლამენტო სისტემა, სადაც კონსტიტუცია და საკონსტიტუციო სასამართლო ასე ბოჭავს პრეზიდენტს, ან ასე განსაზღვრავს პრეზიდენტის როლს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
სასამართლოს კოლეგია სამი დღის განმავლობაში ისმენდა მხარეების არგუმენტებს იმის თაობაზე, მთავრობის თანხმობის გარეშე ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს საზღვარგარეთ ვიზიტების განხორციელების უფლება.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
ზურაბიშვილის დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.