ისრაელიდან მოქალაქეები საქართველოში ჩამოსვლას განაგრძობენ

როგორც ლაშა ჟვანიამ განაცხადა, უფრო მეტად ისრაელიდან მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები ჩამოდიან.
Sputnik
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. თელ-ავივიდან თბილისში კომერციული რეისით კვირას გვიან ღამით 45 არასრულწლოვანი და მათი ოჯახები ჩამოფრინდნენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან საქართველოს საელჩო ისრაელში საგანგებო რეჟიმში მუშაობს. აუცილებლობის შემთხვევაში საელჩო მზადაა საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა საჭირო ნივთებით და თავშესაფრით უზრუნველყოს.

„აეროპორტში არის ყველაფერი ძალიან კარგად ორგანიზებული. იყო პატარა განგაშის სიგნალი. ამ დროს ყველაფერს გეუბნებიან, რა უნდა გააკეთო, როგორ უნდა გააკეთო, ინსტრუქციებს უნდა მიჰყვე. მე უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს", – აღნიშნა ერთ-ერთმა მგზავრმა დავით ხუჭუამ.

როგორც უფრო ადრე საქართველოს ელჩმა ისრაელში ლაშა ჟვანიამ განაცხადა, უფრო მეტად ისრაელიდან მშობლებს მცირეწლოვანი ბავშვები ჩამოჰყავთ. მთლიანობაში ისრაელის ცენტრში მშვიდი ვითარებაა.
7 ოქტომბრის დილით „ჰამასმა" ისრაელის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის არმიის პრეს-სამსახურის ცნობით, პალესტინიდან 3 ათასზე მეტი რაკეტა იყო გაშვებული. მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ „ჰამასის" მებრძოლებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთით სასაზღვრო რაიონებში შეაღწიეს.
საქართველოში ისრაელის მოქალაქე პატიმრებს სატელეფონო სასაუბრო დრო დაუფინანსდებათ>>
საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში "ჰამასის" წინააღმდეგ ოპერაცია „რკინის ხმლები" დაიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერისადმი მიმართვისას ომი ოფიციალურად გამოაცხადა და რეზერვის ფართო მობილიზაცია ბრძანა. 8 ოქტომბერს ისრაელმა ომი ოფიციალურად გამოაცხადა.
ისრაელის მთავრობის ბოლო მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმებს 7 ოქტომბრიდან დღემდე 1400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს („ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი) განცხადებით, ცაჰალის დაბომბვის შედეგად 2450 ადამიანია დაღუპული.