ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ცხრა თვის ბიუჯეტი გადაჭარბებით შეასრულა

სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა 2,3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე 176,1 მილიონი ლარით მეტია.
Sputnik
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2023 წლის ცხრა თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 8,2%-იანი გადაჭარბებით შეასრულა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
რეგიონული განვითარების სამინისტრო საქართველოში ახორციელებს ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, მათ შორის, შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის გზატკეცილების მშენებლობას, ქალაქებისა და წყალმომარაგების სისტემების განახლებას. უწყების ბიუჯეტი 2023 წელს 3,3 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც დაახლოებით 2 მლრდ ლარი ბიუჯეტის სახსრებია, დანარჩენი – კრედიტები და გრანტები კონკრეტული პროგრამებისთვის.
უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა 2,3 მლრდ ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე 176,1 მილიონი ლარით მეტია.
სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 220,1 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი მოახმარა, რაც სამინისტროს არსებობის ისტორიაში 9 თვის შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
პარლამენტმა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა>>
მიმდინარე წლის 9 თვის გეგმებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებულმა ცალკეულმა უწყებებმა გადააჭარბეს და სახსრები ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას მოახმარეს.
კერძოდ: საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხარჯებმა შეადგინა 1,5 მილიარდი ლარი (გეგმის 109%), მუნიციპალური განვითარების ფონდის – 479 მილიონი ლარი (გეგმის 104%), "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" – 309,3 მილიონი ლარი (გეგმის 115%), შპს ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" – 30 მილიონი ლარი (გეგმის 102%).