თამარ გაბუნია: გრიპზე ასაცრელად იდეალური დროა

რისკჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორშაბათიდან დაიწყება, განაცხადა მინისტრის მოადგილემ
Sputnik
თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. ახლა იდეალური დროა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.
შემოდგომის სეზონზე უკვე ცირკულირებს რინოვირუსი და ენტეროვირუსი, შედარებით მცირე პროცენტი, დაახლოებით 7-8%, კორონავირუსზე მოდის.
„რაც შეეხება გრიპს, ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, მხოლოდ თითოეული შემთხვევა დაფიქსირდა. ახლა, მიმდინარე კვირაში გრიპის ვირუსი საერთოდ არ დაფიქსირებულა. ახლა იდეალური პერიოდია, რომ გრიპზე ავიცრათ“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, სახელმწიფომ „ებოტის“ (Abbott) წარმოების 200 000, მაღალი ხარისხის, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეისყიდა.
„ვაქცინა უფასოა და სახელმწიფო პროგრამა ამას სრულად ფარავს, საოჯახო მედიცინის ცენტრები და კლინიკების დიდი ნაწილი ჩართულია ვაქცინაციის პროცესში, 60 წლისა და ზემოთ პირები არიან მაღალი რისკის მატარებლები, ასევე შაქრიანი დიაბეტისა და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაცია ორსულებისთვის“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო წლის განმავლობაში ინახავს ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას ორსულებისთვის, რათა მათ ორსულობის დადგომისთანავე აცრის გაკეთება შეძლონ.
ჩხაიძე: ველოდებით გრიპის შემთხვევების მატებას >>
მინისტრის მოადგილის თქმით, რისკჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ორშაბათიდან დაიწყება.
2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; აგრეთვე, 60 წლისა და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მათ შორის, მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვა.