თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. რაჭის რეგიონში, სახელგანთქმული „ხვანჭკარის“ სამშობლოში რთველი აქტიურ ფაზაშია, განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.
რთველი ტრადიციულად კახეთის რეგიონში ღვინის სამშობლოში აგვისტოს ბოლოს - სექტემბრის დასაწყისში იწყება. ხოლო ლეგენდარული „ხვანჭკარის“ სამშობლოში, რაჭაში, ყურძნის რთველი დაახლოებით ოქტომბრის პირველ დეკადაში იწყება. „ხვანჭკარას" აწარმოებენ „ალექსანდროულისა" და „მუჯურეთულის" ნაზავით. დღეისათვის უკვე ჩაბარებულია და გადამუშავებულია 1100 ტონა ყურძენი.
„ულამაზეს კუთხეში, რაჭაში, რთველი აქტიურ ფაზაშია. მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ წელსაც ვახორციელებთ სუბსიდირებას ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე. მეწარმე, რომელიც არანაკლებ შვიდ ლარს გადაიხდის, სახელმწიფოსგან ოთხი ლარის სუბსიდიას მიიღებს“, - განაცხადა შამუგიამ.
სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა „ალექსანდროულისა“ და „მუჯურეთულის“ ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 7 ლარს. აღნიშნული კომპანიები სახელმწიფო სუბსიდიის სახით 1 კგ „ალექსანდროულსა“ და 1 კგ „მუჯურეთულზე“ 4 ლარს მიიღებენ.
„ჩვენ მხარდაჭერის ეს მოდელი შარშან შევიმუშავეთ. მოდელმა გაამართლა და კარგად იმუშავა. ყურძნის ჩაბარების პროცესში სახელმწიფო საწარმოს ჩართულობა, ფაქტობრივად, არ დაგვჭირდა, კერძო სექტორმა მთლიანად ჩაიბარა ყურძენი; წელსაც იგივე ვითარებაა – აქტიურობს კერძო სექტორი და ყურძენს იბარებს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის შეფასებით, რთველის პროცესში 20-მდე საწარმოა ჩართული, შარშან მათი რაოდენობა 30-ს შეადგენდა.
რთველი 2023-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა.