შუასაუკუნეების ციხის დალაშქვრა: აჭარაში ახალი ტურისტული ბილიკი გაიხსნა

ხიხანის ციხის დალაშქვრა მეტად უსაფრთხო გახდა, ხოლო ლოკაცია - უფრო მიმზიდველი
Sputnik
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ზღვის დონიდან 2236 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ხიხანის შუა საუკუნეების ციხესიმაგრისკენ მიმავალი ტურისტული ბილიკის მშენებლობა დაასრულა, იუწყება დეპარტამენტის პრესსამსახური.
ერთკილომეტრიან საფეხმავლო ბილიკზე დამონტაჟებულია გარემოსთან ადაპტირებული კიბეები მოაჯირებით, მოსასვენებელი ადგილები, საქანელა და ფანჩატური. გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის შედეგად ციხის დალაშქვრა მეტად უსაფრთხო გახდა, ხოლო ლოკაცია - უფრო მიმზიდველი.
ხიხანის ციხე. აჭარაში ახალი ტურისტული ბილიკი გაიხსნა
ახალი ბილიკი პირველებმა გიდებმა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა დალაშქრეს.
ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და მიუწვდომელი ციხეა აჭარაში. ციხე უნიკალურია როგორც თავისი მდებარეობითა და იერსახით, ასევე მიმდებარე ლანდშაფტით. ნაგებობა მთის ფერდობზე მდებარეობს.
ხიხანის ციხე. აჭარაში ახალი ტურისტული ბილიკი გაიხსნა
ხიხანის ციხის აგების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ მეცნიერთა უმეტესობა თვლის, რომ იგი X-XIII საუკუნეებში აიგო.
ზოგიერთი წყარო ირწმუნება, რომ ციხის მშენებლობა დაიწყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულმა XIII საუკუნის ცნობილმა მეცნიერმა, პროზაიკოსმა ტბელ აბუსერიძემ. ხიხანის ციხის მშენებლობის დასრულებაში დიდი როლი მისმა მეუღლემ მაგულიმ შეასრულა. სხვა წყაროები ხიხანის ციხის აგებას თამარ მეფეს მიაწერენ. ციხე იყო აჭარის მთავრების აბუსერიძეების რეზიდენცია.