თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს მცხეთობას ულოცავს.
დღეს, 14 ოქტომბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია „კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას" დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
„ამ დღეს საქართველოს ყველა ეკლესიაში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება და წმ. მეფე მირიანი, დედოფალი ნანა, წმ. სიდონია და აბიათარი მოიხსენიება“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
საქართველოს მოსახლეობას დღესასწაული პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც მიულოცა. პრემიერმა სოციალურ ქსელში ტაძრის ფოტო გამოაქვეყნა მისალოცი წარწერით. ქვეყნის მოსახლეობას დღესასწაული ასევე მიულოცა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
მცხეთის ცენტრი თანდათან ერთ დიდ სადღესასწაულო ღონისძიებად გადაიქცევა. ზეიმი გვიან ღამემდე გაგრძელდება.
სტუმრებისა და მცხეთელებისთვის გაიმართება სპორტული და გასართობი ღონისძიებები, საქართველოს რეგიონებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ბაზრობა-გაყიდვა, საკარნავალო მსვლელობა, კონცერტები, „მცხეთის საპატიო მოქალაქის“ დაჯილდოება და მრავალი სხვა.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული გალა კონცერტით დაიხურება.