არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად მთავარი პირობა დაასახელა

საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, დარწმუნებულია პოლიტიკოსი
Sputnik
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, დეკემბრამდე განახორციელოს ყველა ის რეფორმა, რაც ქვეყანას სჭირდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ არჩილ თალაკვაძემ.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
„სტატუსი თავად არის პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანი და შესაბამისად, ჩვენი პასუხისმგებლობა ამ პროცესში არის ის, რომ არ დავტოვოთ არცერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, არ დავტოვოთ არცერთი მნიშვნელოვანი საკითხი დეკემბრისთვის, რომელმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს საქართველოს ევროინტეგრაციას და ეს ასეც იქნება“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებამ სტატუსის მისაღებად მაქსიმუმი გააკეთა და გადაწყვეტილება საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის ინტერესებში შედის.
„კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა ან მისი გადავადება, იქნება ძალიან ცუდი სიგნალი და ეს იქნება პირდაპირი გზავნილი ჩვენი საერთო მტრებისთვის, მოწინააღმდეგეებისთვის რომ საქართველო თავისმა მეგობრებმა ამ რთულ დროს როცა რეგიონში ომია, დატოვეს მარტო. მე იმედი მაქვს, რომ ეს ასე არ მოხდება“, – განაცხადა თალაკვაძემ.
საქართველო ევროკავშირის სტატუსის მოლოდინში: პრემიერ-მინისტრისთვის უარი მიუღებელი იქნება >>
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია - ესაა გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.