რაზე იმსჯელეს „ნაცმოძრაობის" ლიდერმა და კეზერაშვილმა კვიპროსში? ხაბეიშვილის კომენტარი

ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში მოიგო.
Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებას არ გეგმავს და მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის დიდი კოალიციის შექმნაზე აპირებს მუშაობას.
ხაბეიშვილი გუშინ კვიპროსიდან დაბრუნდა, სადაც პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად თავდაცვის ყოფილ მინისტრთან დავით კეზერაშვილთან შესახვედრად 10 ოქტომბერს გაემგზავრა. კეზერაშვილი საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 5 მილიონ ევროზე მეტის გაფლანგვისთვის. მმართველი პარტიის წევრები კეზერაშვილს დიდი ხანია უწოდებენ ოლიგარქს, რომელიც „ნაცმოძრაობას" კულისებიდან მართავს.

„ჩვენ მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა, ჩვენ შევქმნით ძალიან დიდ კოალიციას და ეს რომ უზრუნველვყოთ, ყველა მნიშვნელოვან ადამიანს შევხვდებით", – განაცხადა ხაბეიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ხაბეიშვილი თანამდებობაზე შეიძლება ტელეკომპანია „მთავარი არხის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ შეცვალოს, ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მას მანდატი 2025 წლამდე აქვს. მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გვარამია სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე, იუსტიციის მინისტრი და განათლების მინისტრი.
„ნაცმოძრაობაში" არჩევნები ჩატარდა, შემდეგი არჩევნები იქნება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ – 2025 წლის თებერვალში... რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ის იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი. მან თქვა, რომ აპირებს დაინტერესდეს პოლიტიკით და ამას მხოლოდ მივესალმებით. ცხადია, ვითანამშრომლებთ, სხვაგვარად შეუძლებელია", – აღნიშნა ხაბეიშვილმა.
განხეთქილების ნიშნები
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ. ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
გასულ კვირაში პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ცხრა წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობა" ორად იხლიჩება. ამ გახლეჩას იწვევს პარტიაში შექმნილი სტატუს-კვო, ასევე უსამართლობა, უზნეობა, ღირებულებებისგან დაცლა, რასაც ასხივებენ არაფორმალური მმართველები პარტიაში, აღნიშნა მელიამ.
ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში მოიგო. მელია მას 12 პროცენტული პუნქტით ჩამორჩა და პარტიის წევრთა 40%-ის მხარდაჭერა მიიღო.
დეპუტატი: ხაბეიშვილი ერთი ფეხით „ვივამედშია", მეორე ფეხით - კვიპროსში>>>
არჩევნების შემდეგ ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მელიას პარტიიდან გარიცხვას, თუმცა პარტიაში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყო და რეგიონებში მელიას ბევრი მხარდამჭერი პარტიული თანამდებობებიდან გადააყენეს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
შიდაპარტიული კონფლიქტის ფონზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო როგორც მხარდამჭერების დაკარგვა, რასაც სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს, ისე ოპოზიციონერი მოკავშირეების. პარტიების უმეტესობა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობდნენ მელიას თავმჯდომარეობის პერიოდში, დღეს ამ ძალასთან კოალიციას გამორიცხავს.