თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს აკრიტიკებენ, არ სურთ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
ვიქტორ ორბანის ვიზიტმა ოპოზიციის კრიტიკა გამოიწვია, რომელმაც ჩათვალა, რომ ის ფაქტი, რომ ორბანი მხოლოდ თბილისისა და თელავის მონახულებით შემოიფარგლა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უპატივცემულობას ნიშნავს.
„ეს ის ხალხია, ვისაც სწყინთ და ძალიან არ უნდათ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირონ. მათი ერთადერთი მიზანია, რომ საქართველომ როგორმე კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს და ამის საფუძველზე გარკვეული მღელვარება და დესტაბილიზაცია გამოიწვიონ, არჩევნების გვერდის ავლით ხელისუფლებაში დაბრუნება სცადონ. სხვა ახსნა ვერ ექნება იმას, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყანა სტატუსის მინიჭებაში მხარს გიჭერს და ამის საპასუხოდ კრიტიკული განცხადებებით გამოდიხარ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ორბანი უნგრეთის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 10 ოქტომბერს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში 11 ოქტომბერს ის ღარიბაშვილს შეხვდა. გარდა ამისა, 12 ოქტომბერს გაიმართა საქართველო-უნგრეთის მთავრობათშორისი კომისიის სხდომა და ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ ათ ხელშეკრულებას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყანაში 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაცია იგეგმება. არეულობა მოსალოდნელია იმ პერიოდში, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება. სუსის განცხადებით, სახელმწიფო გადატრიალების მიზნით არეულობები უცხოური ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით მზადდება.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.