თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა სახეზეა და ამას საკონსტიტუციო სასამართლოც დაადასტურებს, თუ იგი ქვეყნის მთავარი კანონით იხელმძღვანელებს, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
„ხელისგულზე დევს კონსტიტუციის დარღვევა. ამის არდადგენა სამართლებრივად გააჩენს კითხვას არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ნებისმიერი იურისტის მხრიდან. მათ (მოსამართლეებმა) უნდა იხელმძღვანელონ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. თუ ქვეყნის მთავარი კანონით იხელმძღვანელებენ, მაშინ სახეზეა კონსტიტუციის დარღვევა", - განაცხადა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტს სასამართლოში არ წარმოადგენდნენ კონსტიტუციონალისტები. ხოლო ზურაბიშვილის წარმომადგენლებს – იურისტებს თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს, როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, არ ჰქონდათ არანაირი არგუმენტი ამ საკითხის მნიშვნელობის დასაკნინებლად.
თავად ოხანაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელია. იგი იყო საპარლამენტო უმრავლესობის ოთხი წევრიდან ერთ-ერთი, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელის მხარეს წარმოადგენდნენ.
„მათ იმ საკითხებზე გადაჰქონდათ ყურადღება, რაც განხილვას არ უნდა დაქვემდებარებოდა. ეს იყო მარტივი სამართლებრივი კაზუსი, თუმცა, კი ბატონო, საჭირო იყო განხილვა. ჩვენ დავრჩით ბოლომდე, ყველა შეკითხვას ვუპასუხეთ – მათ შეკითხვებს, საკონსტიტუციო სასამართლოს შეკითხვებს. რა თქმა უნდა, მოლოდინი არის, რომ ადგილი ჰქონდა კონსტიტუციის დარღვევას და ეს უნდა დადგინდეს", – განაცხადა ოხანაშვილმა.
მმართველმა პარტიამ 12 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა კონსტიტუციური წარდგინება უმრავლესობის 80 დეპუტატის წერილობით მოთხოვნასთან ერთად, რათა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაწყებულიყო.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ წარდგინების განხილვა 5 ოქტომბერს დაასრულა. სასამართლოს კოლეგია სამი დღის მანძილზე ისმენდა მხარეების არგუმენტებს იმის თაობაზე, მთავრობის თანხმობის გარეშე ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს საზღვარგარეთ ვიზიტების განხორციელების უფლება.
თავად საქართველოს პრეზიდენტი სხდომაზე არ გამოცხადდა, მის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში იცავდნენ თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მერაბ ტურავას განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით წარდგინებაზე დასკვნას 16 ოქტომბერს გამოაცხადებენ.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ".
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს. პარტიებსა და იმ საპარლამენტო ჯგუფებს, რომლებმაც უარი უკვე თქვეს იმპიჩმენტის მხარდაჭერაზე, ჯამში 36 ხმა აქვთ.
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
ზურაბიშვილის დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.
სტატუსის მოლოდინში
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კი განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანამ ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე მუშაობა საკანონმდებლო დონეზე თითქმის დაასრულა.