ომი ისრაელში: საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან

საქართველოს საელჩო ისრაელში მზადყოფნას გამოთქვამს, აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრითა და სხვადასხვა საჭირო ნივთებით.
Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ეტაპობრივად ბრუნდებიან – გასულ ღამეს „თელ-ავივი–თბილისის“ რამდენიმე ავიარეისი შესრულდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
საქართველოში ჩამოსული მოქალაქეების განცხადებით, ისრაელში ვითარება უკიდურესად დაძაბულია და მათ დღის მანძილზე რამდენჯერმე უწევდათ თავშესაფარში ჩასვლა.
ბოლო მონაცემებით, ისრაელიდან საქართველოში 3 ათასზე მეტი მოქალაქე ჩამოვიდა.
ისრაელ-ჰამასის ომი: ბოლო ცნობები მოკლედ>>>
ისრაელში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. საელჩო მზადყოფნას გამოთქვამს, აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრითა და სხვადასხვა საჭირო ნივთებით.
7 ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა – პალესტინის მოძრაობა „ჰამასის" სამხედრო ფრთამ ისრაელის წინააღმდეგ დაიწყო ოპერაცია „ალ-აქსას წარღვნა" და განაცხადა, რომ მან ღაზის სექტორიდან 5000 რაკეტა გაისროლა.
საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორში კონტრტერორისტული ოპერაცია „რკინის ხმლები" წამოიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერისადმი მიმართვისას ომი ოფიციალურად გამოაცხადა და რეზერვის ფართო მობილიზაცია ბრძანა.
ისრაელში, გაზეთ Times of Israel-ის ინფორმაციით, ომის მსვლელობისას დაღუპულთა რაოდენობა 1,3 ათასამდე გაიზარდა, ხოლო ღაზის სექტორში, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 1,5 ათასს გადააჭარბა.