„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ხმებს შეაგროვებს - ალეკო ელისაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ოპოზიციის ნაწილთან.
Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმების რაოდენობას ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მხარდაჭერის წყალობით შეაგროვებს, განაცხადა დეპუტატმა ოპოზიციური პარტია „მოქალაქეებიდან“ ალეკო ელისაშვილმა.
მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.

„ეჭვი არ მეპარება, რომ „ქართული ოცნება“ სათანადო რაოდენობის ხმებს იშოვის. რა თქმა უნდა, ოპოზიციაში იპოვიან ხმებს. ეჭვმიტანილი არიან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი სიით გასული დეპუტატები“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
ოპოზიციონერი დარწმუნებულია, რომ „ოცნება“ ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ოპოზიციის ნაწილთან.
„თუ „ქართული ოცნების“ ქცევებს დავაკვირდებით, ყველაზე საშიშები მაშინ არიან, როცა თავს იკატუნებენ. ახლაც თავს იკატუნებენ, რომ იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმებს ვერ შეაგროვებენ. სინამდვილეში კი, დარწმუნებული ვარ, დღე და ღამე მოლაპარაკება, ვაჭრობა მიმდინარეობს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა სახეზეა: ოხანაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე>>
მისი თქმით, ოპოზიციაში სხვადასხვანაირი ხალხია სხვადასხვა ინტერესებით, სურვილებითა და მისწრაფებებით.
„ქართულ ოცნებაში“ მათი სურვილები, მიზნები და მისწრაფებები მშვენივრად იციან და ისეთი რამის შეთავაზება შეუძლიათ, რაც მათთვის მომხიბლავი იქნება“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას დაიწყებს, თუ საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს დასკვნას, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ წარდგინების განხილვა 5 ოქტომბერს დაასრულა. სასამართლოს კოლეგია სამი დღის განმავლობაში ისმენდა მხარეების არგუმენტებს იმის თაობაზე, მთავრობის თანხმობის გარეშე ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს საზღვარგარეთ ვიზიტების განხორციელების უფლება.
პრეზიდენტის იმპიჩმენტი: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 16 ოქტომბერს გამოცხადდება>>
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
ზურაბიშვილის დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.
სტატუსის მოლოდინში
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
მიხეილ სარჯველაძე: პრეზიდენტის იმპიჩმენტი შესაძლებელია კენჭისყრის შედეგად აღსრულდეს>>
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კი განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანამ ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე მუშაობა საკანონმდებლო დონეზე თითქმის დაასრულა.