თბილისი, 13 ოქტომბერი − Sputnik. დასავლეთი არ ეშვება დსთ-ის ქვეყნების „სხვადასხვა მიმართულებით დაშლისა“ და მათი დასუსტების მცდელობებს, განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ბიშკეკში მიმდინარე დსთ-ის სამიტზე.
„შეგახსენებთ, რომ თანამეგობრობის შექმნის მთავარი მიზანი იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კავშირების გაწყვეტის თავიდან აცილება. ეს არ აწყობდათ და არც დღეს აწყობთ ჩვენს კონკურენტებს, დასავლეთს, რომელიც დღემდე არ წყვეტს ჩვენი სხვადასხვა მიმართულებით გაფანტვის, დასუსტებისა და საკუთარი ინტერესებისთვის დამორჩილების მცდელობებს“, − აღნიშნა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკომ მოუწოდა სამიტის მონაწილეებს, თავი ქვიშაში კი არ ჩარგონ, არამედ უფრო კრიტიკულად შეაფასონ თანამეგობრობაში არსებული ვითარება.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ძველი კონფლიქტი, რომლებიც თავის დროზე შემოგვიგდეს, აუცილებლად იჩენს თავს ძალიან სამწუხარო შედეგებით. მადლობა ღმერთს, რომ ამ კონფლიქტების გადაჭრის გზები არა მხოლოდ გამოიკვეთა, არამედ ზოგიერთი მათგანი წარმატებითაც მოგვარდა", − განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.
ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში დსთ-ის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტი დღეს, 13 ოქტომბერს დაიწყო. ღონისძიების თავმჯდომარეა მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი. სამიტში მონაწილეობენ: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოკაევი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი, უზბეკეთისა და თურქმენეთის ლიდერები − შავქათ მირზიიოევი და სერდარ ბერდიმუჰამედოვი.
გავრცელებული ინფორმაციით, სამიტზე სახელმწიფოთა მეთაურები სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკითხების განხილვას აპირებენ. ისინი ასევე შეაჯამებენ დსთ-ის ფარგლებში თანამშრომლობის შედეგებს და სამომავლო ამოცანებსაც დასახავენ.