აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოშია: „ქართულ ოცნებას" რადიკალური ცვლილებების იმედი აქვს

Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი რობინ დანიგანი რადიკალურად შეცვლის საელჩოს მიდგომებს.
აშშ-ის ახალი ელჩი რობინ დანიგანი, რომელმაც თანამდებობაზე კელი დეგნანი ჩაანაცვლა, საქართველოში ხუთშაბათს ჩამოვიდა. გუშინ დიპლომატმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცა, ხოლო რწმუნებათა სიგელების ასლები – საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ელჩი რადიკალურად შეცვლის იმ აღქმებს, რომელიც ქართულ საზოგადოებაშია ჩამოყალიბებული... ეს აღქმები საზოგადოებაში აუცილებლად უნდა შეიცვალოს და დიდი იმედი მაქვს, ახალი ელჩი ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს“, – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

კითხვაზე, აპირებს თუ არა აშშ-ის ახალ ელჩთან შეხვედრას, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" გუნდი პარტნიორობისა და კონსულტაციებისთვის გახსნილია.
აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში მუშაობას შეუდგა>>>
კობახიძის თქმით, საზოგადოებამ იცის მიზეზები, რის გამოც მმართველ პარტიას ჰქონდა კრიტიკული შენიშვნები კელი დეგნანის პირობებში საელჩოს საქმიანობასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი ელჩი სხვაგვარად იმოქმედებს.
„ჩვენ გვქონდა სერიოზული კრიტიკული შენიშვნები წინა ელჩის საქმიანობასთან, მის პირობებში საელჩოს საქმიანობასთან დაკავშირებით და ამის „კუდებსაც" ვხედავთ – იგივე ბოლო განცხადება, რაც გაკეთდა საელჩოს მხრიდან USAID-ს მიერ დაფინანსებულ ტრენინგებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად გაუგებარია“, – განაცხადა კობახიძემ.
პოლიტიკოსის თქმით, საუბარი იყო უშუალოდ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაზე, ამ დროს კი საელჩოს განცხადებაში საუბარი იყო ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების მშობლებზე.
„ეს განცხადება იყო ცინიკური. იმედი მაქვს, რომ ახალი ელჩის პირობებში ყოველივე ეს შეიცვლება“, – აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსმა) 18 სექტემბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში უცხოური ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით არეულობები მზადდება. სუსის მტკიცებით, 25 სექტემბერს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მოწვევით საქართველოში ჩამოსული სერბეთის მოქალაქეების მიზანი იყო ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კავშირების დამყარება, რომლებმაც ქვეყანაში რევოლუციური პროცესების ბირთვის როლი უნდა შეასრულონ.
აშშ-ის საელჩომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრალდებებს მცდარი უწოდა>>>
ამის პასუხად აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ უკვე ორ წელზე მეტია USAID თანამშრომლობს ორგანიზაცია CANVAS-თან, რათა „დაეხმაროს ადამიანებს, ხმა აიმაღლონ იმ საკითხებზე, რაც მათი ოჯახებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია". მოქალაქეების უფლება, თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრი და მისწრაფებები ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია, აღნიშნეს საელჩოში.

„ასეთი რაღაცები არ შეიძლება განმეორდეს. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მყარი ნდობა ჩვენი მეგობრების და პარტნიორების მიმართ და იმედი მაქვს, ახალი ელჩის პირობებში ასეთი რაღაცები არ განმეორდება, აღარ გაგრძელდება ექსტრემისტების დაფინანსება, მხარდაჭერა და ა.შ. ყველაფერი იცის საზოგადოებამ, თუ რა ხდებოდა წინა ელჩის პირობებში, რაში იყო ეს ადამიანი ჩართული“, – განაცხადა კობახიძემ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რობინ დანიგანის კანდიდატურა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე 2023 წლის 14 იანვარს წამოაყენა. აშშ-ის სენატმა დანიგანი, როგორც საქართველოში ახალი ელჩი, 2023 წლის ივლისის ბოლოს დაამტკიცა.
რობინ დანიგანი აღნიშნულ თანამდებობაზე დამტკიცებამდე ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი 2018-2021 წლებში ავსტრიაში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილე იყო.
სიხარული ნაადრევია: აშშ-ის ახალი ელჩი „გლობალური ომის პარტიიდანაა“ - „ხალხის ძალა“>>>
2014 წლიდან 2017 წლის ჩათვლით პერიოდში დანიგანი მუშაობდა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილედ სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში.
იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა ავსტრიის, ვიეტნამის, ჩილეს, თურქეთის, კუბისა და სალვადორის საელჩოებში.
რაც შეეხება დანიგანის წინამორბედს, კელი დეგნანი ამერიკის დიპლომატიურ მისიას 2019 წლის ბოლოს ჩაუდგა სათავეში. საქართველოში ელჩად დანიშვნამდე იყო ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურის პოლიტიკური მრჩეველი, მანამდე კი ხელმძღვანელობდა აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს კოსოვოსა და იტალიაში.
დეგნანთან დაკავშირებული სკანდალები
კელი დეგნანის დიპლომატიური საქმიანობა საქართველოში არაერთ სკანდალს უკავშირდება. მათი უმრავლესობის წარმოშობა ასოცირდება ახალ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალასთან", რომელიც 2022 წლის აგვისტოში შეიქმნა.
ახალი მოძრაობა დაკომპლექტდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყოფილი დეპუტატებით. მოძრაობის დამფუძნებლები არიან სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.
„ხალხის ძალამ" საქმიანობა აშშ-ის ელჩის მისამართით კრიტიკული წერილებითა და განცხადებებით დაიწყო. პირველი გახმაურებული ბრალდება ჯერ კიდევ 2022 წლის ივლისში მოძრაობის ოფიციალურად შექმნამდე იქნა წაყენებული – საუბარი იყო ზეწოლაზე „ქართული ოცნების" დამფუძნებელზე, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილზე კელი დეგნანის მხრიდან.
ხელისუფლება რევოლუციას არ დაუშვებს - კობახიძე აშშ-ის სახდეპარტამენტის განცხადებაზე>>>
„ხალხის ძალის" ლიდერების თქმით, უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ელჩი ივანიშვილს შეხვდა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა მოსთხოვა.
დეგნანმა უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ ივანიშვილს დიდი ხანია არ შეხვედრია.
საპასუხოდ ივანიშვილმა ხანგრძლივი დუმილი დაარღვია. მან დაადასტურა, რომ უკრაინაში მოვლენების დაწყების შემდეგ აშშ-ის ელჩს შეხვდა და რომ გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ.
ამის შემდეგ დეგნანის მისამართით ახალი ბრალდებები გახმოვანდა – ამჯერად მოსამართლე ლაშა ჩხარტიშვილზე ზეწოლის შესახებ, რომელმაც ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ნიკი გვარამია გაასამართლა.
დეგნანთან დაკავშირებული ბოლო სკანდალი ეხება მის ინტერვიუს უცხოურ მედიასაშუალებასთან, სადაც ელჩი საქართველოში დანერგილი ელექტრონული საარჩევნო სისტემის საკითხს შეეხო.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებში პრაქტიკამ აჩვენა, რომ სისტემა არ იძლევა გარანტიას, რომ ყველაფერი „სუფთა და სამართლიანი" იქნება; სისტემით მანიპულირება ასევე შესაძლებელია, თუ ადამიანებს არ ესმით, როგორ მუშაობს ის.
დეგნანის განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ გააკრიტიკა და დიპლომატს მავნებელი უწოდა. ზარქუას თქმით, დეგნანი ვერ შედგა როგორც ელჩი, ხოლო თანამდებობაზე ყოფნისას არ გაითვალისწინა, რომ არა პარტიის, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენელი იყო.