მსოფლიო დღეს

„როცა დრო მოვა“: „ჰესბოლა“ ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასთან“ შესაერთებლად მზადაა

Sputnik
თბილისი, 13 ოქტომბერი − Sputnik. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი ლიბანში ჩავიდა და „ჰესბოლას“ ლიდერ ჰასან ნასრალას შეხვდა, იუწყება BBC.
ირანელმა მინისტრმა ღაზაში მომხდარს პალესტინელების წინააღმდეგ „განგრძობადი სამხედრო დანაშაული“ უწოდა და აღნიშნა, რომ ამას „უეჭველად მოჰყვება კოლექტიური პასუხი წინააღმდეგობის ღერძის მხრიდან“.
როგორც გამოცემა წერს, არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მიმდინარე ომში ახალი ფრონტი გაიხსნას, თუ „ჰესბოლა“ კონფლიქტში ჩარევასა და ისრაელზე თავდასხმას გადაწყვეტს პალესტინელი მოკავშირეების მხარდასაჭერად.

„ახლახან „ჰესბოლას“ ლიდერის მოადგილემ [ნაიმ ქასემმა] განაცხადა, რომ ისინი ისრაელის წინააღმდეგ ომში „ჰამასთან“ შესაერთებლად მზად არიან. ბეირუთის გარეუბანში გამართულ შეხვედრაზე მან თქვა, რომ [„ჰესბოლა“] კონფლიქტში მაშინ ჩაერევა, როცა ამის დრო მოვა“, − წერს BBC ლიბანში მყოფ საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით.

აღსანიშნავია, რომ „ჰესბოლა“, ისევე, როგორც „ჰამასი“, ტერორისტულ ორგანიზაციად ცნეს დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა. ირანთან ახლო კავშირში მყოფი მოძრაობა ქვეყნის ყველაზე მძლავრი სამხედრო ძალაა.
მანამდე „ჰესბოლა“ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოზიციებზე თავდასხმით დაიმუქრა, თუ შეერთებული შტატები პირდაპირ ჩაერევა ისრაელისა და „ჰამასის“ კონფლიქტში. დაჯგუფებამ ეს მას შემდეგ გამოაცხადა, რაც შეერთებულმა შტატებმა ავიამზიდი „ჯერალდ ფორდი“ და მისი დამრტყმელი ჯგუფი გაგზავნა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში.
წყარო: BBC