გრიგოლ ვაშაძე იმპიჩმენტის პროცედურაში მონაწილეობას არ მიიღებს: მიზეზი

2018 წელს გაერთიანებულმა ოპოზიციამ განაცხადა, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ ჩატარებულა, აღნიშნა დამოუკიდებელმა დეპუტატმა.
Sputnik
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტი არ ჰყავს, იმპიჩმენტის ობიექტიც არ არსებობს, განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ.
მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.

„საქართველოს მოქალაქეებს არ გვყავს პრეზიდენტი და მის მიმართ არ გვაქვს არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური, არც მორალური ვალდებულებები. ჩემთვის ეს განცხადება დღესაც მოქმედია და ვერ მივიღებ იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას, რადგან არ არსებობს იმპიჩმენტის ობიექტი”, – განუცხადა ჟურნალისტებს ვაშაძემ.

დეპუტატის თქმით, 2018 წელს გაერთიანებულმა ოპოზიციამ განაცხადა, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ ჩატარებულა.
„2018 წელს „გაერთიანებულმა ოპოზიციამ - ძალა ერთობაშია“ გააკეთა განცხადება, რომ „საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ ჩატარებულა, ჩატარდა ბიუროკრატიულ-კრიმინალური ოპერაცია“, რომლის შედეგად ზურაბიშვილი შეიტანეს ოფისში“, – განაცხადა ვაშაძემ.
მიხეილ სარჯველაძე: პრეზიდენტის იმპიჩმენტი შესაძლებელია კენჭისყრის შედეგად აღსრულდეს >>
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ორ ტურად გაიმართა. 2018 წლის 28 ოქტომბერს გამართულ პირველ ტურში მონაწილე 25 კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ მოიპოვა გამარჯვებისთვის აუცილებელი ხმების 50%-ზე მეტი. მეორე ტურში კი, რომელიც 28 ნოემბერს გაიმართა, პირველი ტურის შედეგების თანახმად, ორი კანდიდატი მონაწილეობდა.
არჩევნების შედეგებით გამარჯვება სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა (59,52%), რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უჭერდა მხარს. მისი კონკურენტი იყო ყოფილი მმართველი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე.
სალომე ზურაბიშვილი სამხრეთ კავკასიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
პრეზიდენტის იმპიჩმენტი
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. სასამართლო კოლეგია სამი დღის მანძილზე ისმენდა მხარეების არგუმენტების იმის თაობაზე, მთავრობის თანხმობის გარეშე ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს საზღვარგარეთ ვიზიტების განხორციელების უფლება.
ირაკლი ღარიბაშვილმა დასავლელ კოლეგებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის მიზეზები აუხსნა >>
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
ზურაბიშვილის დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.