თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის აქტიურად გრძელდება, მათ შორის, შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის ელექტროკაბელის გაყვანის პროექტის ფარგლებში, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 10 ოქტომბერს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, მოგვიანებით – ერთობლივი პრესკონფერენცია.
„ეს ვიზიტიც აძლიერებს და ამყარებს იმას, რომ აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას. უნგრეთი ძლიერი ნაწილია ამ პროცესის (ელექტროკაბელის), როგორც რუმინეთი და ჩვენი რეგიონიდან – ჩვენ და აზერბაიჯანი", – განაცხადა დარჩიაშვილმა.
რაც შეეხება ოთხი ქვეყნის თანამშრომლობას ამ მიმართულებით, მინისტრის განცხადებით, საზოგადოება ამის შესახებ უახლოეს პერიოდში შეიტყობს.
„ამ თანამშრომლობას ვაგრძელებთ, დარწმუნებული ვართ, რომ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გამოჩნდება და ჩვენი მოსახლეობა დაინახავს", – განაცხადა დარჩიაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ შავის ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანის პროექტი დიდ წვლილს შეიტანს ევროპის ენერგეტიკის დივერსიფიკაციაში.
შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა საქართველოს დიდი პოტენციალის შესახებ განახლებადი ენერგიების თვალსაზრისით და მის, როგორც სატრანზიტო ჰაბის მიმზიდველობაზე.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.