თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. სვანეთის კურორტ თეთნულდზე 2024 წლის 1-7 მარტს პირველად ჩატარდება მსოფლიო ტური ფრირაიდში – Freeride World Tour, რომელიც ცნობილია, როგორც სანახაობრივი და ექსტრემალური სპორტი, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახური.
საქართველო ექვს წამყვან ქვეყანას შორის დასახელდა კანადასთან, ანდორასთან, ესპანეთთან, შვეიცარიასთან და ავსტრიასთან ერთად, რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდათ წილად. გადაწყვეტილება ყოველწლიური ღონისძიების შესახებ საფრანგეთის ქალაქ ანესში გამოცხადდა.
ფრირაიდის მსოფლიო ტურში 50 გამორჩეული სპორტსმენი–რაიდერი მიიღებს მონაწილეობას. მესტია გახდა მსოფლიოში ფრირაიდის ახალი მიმართულება და კურორტი თეთნულდი ფრირაიდის მოყვარულთათვის გახდა ახალი აღმოსაჩენი ადგილი.
შეჯიბრება Freeride World Tour მაშველების მუდმივი მეთვალყურეობით ტარდება. დაწყების წინ ყველა ადგილს სპეციალისტები გულმოდგინედ ამოწმებენ. ყველა სპორტსმენს აქვს უსაფრთხოების ყველა საშუალება, მათ შორის ზვავის მაუწყებელი გადამცემები.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სვანეთში მსოფლიო ტურის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ტურისტული ბრენდის განმტკიცებისთვის.
„ამით ძალიან გაიზრდება ჩვენი ქვეყნის, მათ შორის, კონკრეტულად, სვანეთის, როგორც ტურისტული მიმართულების ცნობადობა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის ტურისტულ ბრენდს, ხელს შეუწყობს ზამთრის ტურისტულ სეზონზე უფრო მეტი საერთაშორისო მოგზაურის ჩამოსვლას ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კურორტზე", – განაცხადა ქვრივიშვილმა.
საქართველოში ფრირაიდში შესარჩევი ეტაპები ორი წელია წარმატებით ტარდება.
შეჯიბრებების მაღალი სტანდარტით ჩატარება საერთაშორისო მასშტაბით წარმოაჩენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს, გაზრდის საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობას ახალი მიმართულებით და ეს ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და შესაბამისი საინვესტიციო გარემოს შექმნას.
ფრირაიდი (Freeride) ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა – სნოუბორდით ან თხილამურებით სრიალი ბუნებრივ, გაუკვალავ ტრასებზე. მსოფლიო ტური 300 მილიონ მაყურებელს ფარავს, შესაბამისად, ღონისძიება უმნიშვნელოვანესია ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის.