მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ისრაელმა ღამით პალესტინის 500-ზე მეტი ობიექტი დაბომბა - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 9 ოქტომბერი − Sputnik. ისრაელის სამხედროებმა ღამით ღაზის სექტორში პალესტინური „ჰამასისა“ და დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ რამდენიმე ასეულ სამიზნეს დაარტყეს, იტყობინება ისრაელის არმიის პრეს-სამსახური.

„ცახალმა ღამით ღაზის სექტორში ტერორისტული ორგანიზაციის 500-ზე მეტ სტრატეგიულ ობიექტს შეუტია. განადგურებულია „ჰამასის“ შვიდი ოპერატიული შტაბი, ასევე ტერორისტული ორგანიზაცია GAP-ის ერთი ოპერატიული შტაბი“, − ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, პრეს-სამსახურის ცნობით, „ცახალმა“ ასევე დაარტყა მრავალსართულიან შენობებს, რომელთაგან ერთ-ერთში „ჰამასის“ სამხედრო შტაბი იყო განთავსებული.
ამასთან, როგორც პრეს-რელიზშია ნათქვამი, ისრაელის არმიამ პალესტინური დაჯგუფების მაღალჩინოსანი აიყვანა ტყვედ.
„ცახალი“ პირობას დებს, რომ „ღაზის სექტორში შეტევებს განაგრძობს ტერორისტული ორგანიზაციებისთვის სასიკვდილო ზიანის მიყენების მიზნით“.
7 ოქტომბრის დილით „ჰამასმა“ ოპერაცია „ალ-აქსის წარღვნა“ გამოაცხადა ისრაელის წინააღმდეგ და უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა განახორციელა ღაზის სექტორიდან. ისრაელის არმიის პრეს-სამსახურის ცნობით, პალესტინიდან 3 ათასზე მეტი რაკეტა იყო გაშვებული. მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელის სამხრეთით სასაზღვრო რაიონებში შეაღწიეს.
ამის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაცია „რკინის ხმლები“ დაიწყო. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერისადმი მიმართვისას ომი ოფიციალურად გამოაცხადა და რეზერვების ფართო მობილიზაცია ბრძანა.
ბოლო მონაცემებით, ღაზის სექტორში 400-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, ხოლო ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. პალესტინელების ცნობით, 130 ისრაელელი ჰყავთ მძევლად აყვანილი.
წყარო: idf