თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ისრაელის ენერგეტიკისა და ეროვნული ინფრასტრუქტურის მინისტრმა ისრაელ კაცმა, ქვეყნის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, ღაზის სექტორისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის ბრძანება გამოსცა.
შაბათს პალესტინის მოძრაობა ჰამასის სამხედრო ფრთამ ისრაელის წინააღმდეგ დაიწყო ოპერაცია „ალ-აქსას წარღვნა“ და განაცხადა, რომ მან ღაზის სექტორიდან 5000 რაკეტა გაისროლა. ბოლო მონაცემებით, 250 ისრაელის მოქალაქე დაიღუპა და 1452 დაშავდა. საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორში კონტრტერორისტული ოპერაცია „რკინის ხმლები“ წამოიწყეს. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ 232 დაღუპულისა და 1790 დაშავებულის შესახებ განაცხადა.
„მე ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომელიც ისრაელის ელექტროკომპანიას ღაზის სექტორში ელექტროენერგიის მიწოდების შეჩერებას ითვალისწინებს. ისე აღარ იქნება, როგორც აქამდე იყო”, - დაწერა კაცმა სოციალურ ქსელში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსახლეობას მიმართა. „ეს ომია... მტერი ისეთ საზღაურს გადაიხდის, როგორს არასდროს“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ რეზერვისტების მასშტაბური მობილიზაციის ჩატარების ბრძანება გასცა.
თავის მხრივ, პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ოფიციალურ პირებთან საგანგებო სხდომაზე ისაუბრა პალესტინელი ხალხის უფლებაზე, დაიცვას თავი ისრაელის ჯარისა და გადასახლებული პირებისგან.
ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ რეზერვისტების გაწვევა გამოაცხადა, არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე თელ-ავივში ინტერნეტის მუშაობაში შეფერხებები ფიქსირდება, იუწყება სერვისი NetBlocks.
ჰამასის შეტევები დაგმეს ევროკავშირმა და ნატომ.
პენტაგონის შეფმა ლოიდ ოსტინმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო უახლოეს დღეებში იმუშავებს იმაზე, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი ქვეყნისა და მოქალაქეების დასაცავად.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ სოლიდარობა გამოუცხადა ისრაელს ღაზის სექტორიდან განხორციელებული თავდასხმების შემდეგ.
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მოუწოდეს საერთაშორისო „კვარტეტის“ საქმიანობის დაუყოვნებლივ გააქტიურებისკენ ისრაელსა და არაბებს შორის სამშვიდობო პროცესის აღსადგენად.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის გაფართოების წინააღმდეგ გამოვიდა და იმედოვნებს, რომ ცეცხლი მალე შეწყდება და მშვიდობა აღდგება.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა. სამინისტრომ აღნიშნა, რომ ისრაელი მუდმივად არღვევს პალესტინელების უფლებებს.
ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პალესტინის ჰამასის ოპერაციას ისრაელის წინააღმდეგ.
მოსკოვმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ზონაში ესკალაციის გამო და მოუწოდა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და ძალადობაზე უარის თქმისკენ.