აზერბაიჯანის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით თბილისს ეწვია

დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა
Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია, იუწყება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი დახვდნენ.
ღარიბაშვილი: კარგი გეგმა გვაქვს „შუა დერეფნის“ განვითარებისთვის >>
აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში. დღეს აზერბაიჯანი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის.
აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყნები ერთობლივად ახორციელებენ ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებს, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, გაზსადენი TANAP, ბაქო-ჯეიჰანის და ბაქო-სუფსის ნავთობსადენები.
2023 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 980 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის რვა თვის მონაცემებს 15,3%-ით აღემატება.