დატოვებს თუ არა ნიკა მელია „ნაცმოძრაობას“ - პარტიის ყოფილი თავმჯდომარე შეხვედრებს მართავს

მელია მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას არაფორმალური მმართველობა ღუპავს
Sputnik
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა, რათა ამ პარტიაში დარჩენის მიზანშეწონილობა განეხილა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყეს, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ. 2023 წელს ხაბეიშვილმა შიდაპარტიული არჩევნები მოიგო და მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია ხაბეიშვილს უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უახლოესი პერიოდი ყველა ადამიანთან შესახვედრად გამოვიყენოთ, მათ შორის მსგავს ფორმატში სხვადასხვა ქალაქებში. ასევე უახლოეს პერიოდში უფრო მასშტაბურ ფორმატში შევიკრიბებით, სადაც უკვე საბოლოოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მელიამ.
შაბათს მელია შეხვდა თბილისში მხარდამჭერებს დედაქალაქიდან და ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების დეპუტატებს. მისი თქმით, შეხვედრას 150-მდე საკრებულოს წევრი ესწრებოდა.
„თუ შეისმინა იმან, ვინც უნდა შეისმინოს, რა თქმა უნდა, მათ აქვთ შანსი ერთობა ან ერთობაზე საუბარი კვლავ შესაძლებელი გახდეს. ყველაფერი დამოკიდებულია ამომრჩეველზე, პარტიის წევრზე და მხარდამჭერზე. კიდევ უფრო მეტი რამ არის დამოკიდებული იმ ხალხზე, ვინც პარტიის მართვის სადავეები მიიტაცა“, - განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, ცხრა თვის განმავლობაში „ნაცმოძრაობას“ ორ მაწილად ხლეჩენ. ამ გახლეჩას იწვევს პარტიაში შექმნილი სტატუს-კვო, ასევე უსამართლობა, უზნეობა, ღირებულებებისგან დაცლა, რასაც ასხივებენ არაფორმალური მმართველები პარტიაში.
მელია vs ხაბეიშვილი: თალაკვაძემ განმარტა, ვინ ვისი გულის და თავისტკივილია >>
„თუ ამ პარტიას ახალი სიცოცხლის შანსი მიეცემა არაფორმალური მმართველების გარეშე, ერთობა იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა მელიამ.
ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში მოიგო. მელიამ 12 პროცენტული პუნქტით ჩამორჩა და პარტიის წევრთა 40%-ის მხარდაჭერა მიიღო.
არჩევნების შემდეგ ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებს მელიას პარტიიდან გარიცხვას, თუმცა პარტიაში სერიოზული საკადრო ცვლილებები დაიწყო და რეგიონებში მელიას ბევრი მხარდამჭერი პარტიული თანამდებობებიდან გადააყენეს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი ნაციონალური მოძრაობის მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.
შიდაპარტიული კონფლიქტის ფონზე, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო როგორც მხარდამჭერების დაკარგვა, რასაც სხვადასხვა რეიტინგი მოწმობს, ისე ოპოზიციონერი მოკავშირეების. პარტიების უმეტესობა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობდნენ მელიას თავმჯდომარეობის პერიოდში, დღეს ამ ძალასთან კოალიციას გამორიცხავს.