თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საუკეთესო მასწავლებელი 2023 წელს ნინო ფსუტური გახდა, რომელიც გორის N8 სკოლაში ბიოლოგიას ასწავლის, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახური.
გუშინ, 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოთი დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საპატიო ტიტულის გარდა, ფსუტურმა ასევე მიიღო ფულადი პრემია 15 ათასი ლარის ოდენობით.
„მასწავლებლობა ყოველთვის იყო და არის ყველაზე გამორჩეული, საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესია პროფესიათა შორის, რომელსაც განსაკუთრებული დაფასება სჭირდება. სწორედ ეს არის ჩემთვის უმთავრესი პრიორიტეტი", – განაცხადა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.
მინისტრი მოხარულია, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემა უკვე ტრადიცია გახდა საქართველოში.
„მივესალმები და მხარს ვუჭერ ყველა იმ ინიციატივას, რომელიც წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, მათ წახალისებას და პროფესიის პოპულარიზაციას ემსახურება. სწორედ ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტია მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, რომელიც უკვე წლებია საზოგადოებას აცნობს ჩვენს გმირ მასწავლებლებს", – აღნიშნა ამილახვარმა.
წლის საუკეთესო მასწავლებელი ნინო ფსუტური
© courtesy of Gudavadze Patarkatsishvili Foundation
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 სექტემბერს აღინიშნება – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. საუკეთესო პედაგოგის შესარჩევად კონკურსი საქართველოში უკვე მეექვსედ ჩატარდა.