სააკაშვილის გეგმა ჩავარდა - შალვა პაპუაშვილი

Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გეგმა, რომელიც სამშობლოში უცხოური სპეცსამსახურების მხარდაჭერით დაბრუნდა, ჩავარდა, რადგან ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სათანადოდ მუშაობს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სექტემბერში გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები, რომლის თანახმად მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე საქართველოში 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში არეულობებს გეგმავდა. ლორთქიფანიძეს ბრალს სდებენ იმაში, რომ ის 2021 წლის შემოდგომაზე სააკაშვილს საქართველოში უკანონოდ შემოსვლაში დაეხმარა.

„კონტეინერით შემოპარული ყოფილი პრეზიდენტის გეგმა ჩაიშალა სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი უსაფრთხოების სამსახური გამართულად მუშაობს და ზოგიერთ საკითხზე ისე ახდენს პრევენციას, რომ შეიძლება საზოგადოება ვერც იგებდეს", – განაცხადა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.

მისი თქმით, სუსის გამოძიებით გამოვლენილი ფაქტები, რომელთა შესახებ საზოგადოებას ეცნობა, რეალურია. ოპოზიციის წარმომადგენლები კი თავს იკატუნებენ, თითქოს არ ესმით, რა და როგორ ხდება.
„ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც ყოფილი პრეზიდენტი კონტეინერით შეამოაპარეს და ვიცით, რომ ამაში უცხო ქვეყნის სპეცსამსახური იყო ჩართული", – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა საპროტესტო აქციებზე წესები გაამკაცრა - რა შეიცვალა>>
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები შესწორებებს კანონში "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" ისეთი ირონიით ეკიდებიან, თითქოს არეულობები გამოგონილი თემაა.
საქართველოს პარლამენტმა მიიღო შესწორებები კანონში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ", რომლის თანახმად საქართველოში საპროტესტო აქციებზე ახალი შეზღუდვები იმოქმედებს. ცვლილებების ინიცირება სუსის განცხადების შემდეგ მოხდა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით არეულობები იგეგმება.

„ერთადერთი, ვისაც ეს კანონი „დასუსხავს", „დასუსხავს" მათ, ვისაც ამ ქვეყანაში გადატრიალება სურს", – აღნიშნა პაპუაშვილმა.

შესწორებების წინააღმდეგ ოპოზიციური პარტიების, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები გამოდიან. კანონპროექტი სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ შესწორებები სიტყვისა და შეკრების თავისუფლებაში ჩარევა, ასევე აზრის გამოხატვის შეზღუდვაა.
რატომ გახდა აქტუალური ცვლილებების საკითხი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყანაში 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაცია იგეგმება. არეულობა მოსალოდნელია იმ პერიოდში, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება.
სუსის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არეულობების ორგანიზატორები აპირებდნენ „კარვების ქალაქის" მოწყობას, სადაც წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას. აფეთქების შემთხვევაში ამის შედეგად დაიღუპებიან როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამართალდამცველები.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს, ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; არ უკავშირდება უშუალოდ შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას.
კანონი აქციების შესახებ: პრეზიდენტი ვეტოს დადებას აპირებს?>>
გარდა ამისა, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე აქციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.
კანონდარღვევისთვის გათვალისწინებულია სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით, ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს.
აღნიშნული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.