რაზე ისაუბრეს გრანადაში ირაკლი ღარიბაშვილმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა

ევროკომისია უახლოეს კვირებში წარადგენს რეკომენდაციებს იმის შესახებ, უნდა მიენიჭოს თუ არა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი
Sputnik
თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ შეასრულა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების პირობების ძირითადი ნაწილი და მზად არის საქმე ბოლომდე მიიყვანოს, განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გრანადაში ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლეიენთან შეხვედრის შემდეგ.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
„მე მქონდა ძალიან პოზიტიური შეხვედრა ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან, რომელსაც მე მივაწოდე ინფორმაცია 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე. ქალბატონმა ურსულამ გვითხრა, რომ ისინი პოზიტიურად აფასებენ ზოგადად იმ პროგრესს, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია. ასევე, რა თქმა უნდა, მისი მხრიდან მოწოდება იყო, რომ რეფორმები გაგრძელდეს, უნდა მივიყვანოთ ბოლომდე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
„მე მას ვუთხარი, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი მთელი გუნდი, ხელისუფლება არის სრულად მობილიზებული, ჩვენ ვართ ვალდებულნი და სრული თანხვედრა გვაქვს, რომ ეს პროცესი მივა ბოლომდე. მე მას ვუთხარი, რომ ამ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი უკვე არის შესრულებული. დარჩენილია რამდენიმე რეკომენდაციის დაბოლოება, დასრულება, რომელთა ნაწილიც გადაიგზავნა ვენეციის კომისიაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს - პრემიერ-მინისტრი >>
ამასთან მან აღნიშნა, რომ როგორც კი საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის დონე მკვეთრად დაიკლებს. დეპოლარიზაცია ერთ-ერთია ევროკავშირის 12 პირობიდან, რომელიც ქვეყანამ სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს.
„ასევე ვუთხარი, რომ ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი, რის გამოც პოლარიზაცია არის გაზრდილი, არის კანდიდატის სტატუსის საკითხი. მე მას ვუთხარი, რომ სტატუსის მინიჭება ავტომატურად, დრამატულად შეამცირებს, დააგდებს ამ პოლარიზაციის ხარისხს, რაშიც ევროპელი ლიდერები გვეთანხმებიან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ურსულა ფონ დერ ლაიენთან გაიმართა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტის ფარგლებში, რომელიც გრანადაში მიმდინარეობს.
„მჯერა ევროპაში საღი აზრი გაიმარჯვებს" - პრემიერი კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე >>
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.