საქართველოს პარლამენტმა საპროტესტო აქციების ჩატარების წესები გაამკაცრა - რა შეიცვალა

სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები ვალდებული იქნებიან, გააფრთხილონ აქციის მონაწილეები, რომ აუცილებელია კონსტრუქციის დემონტაჟი, ხოლო აქციის ორგანიზატორებმა ეს საკითხი 15 წუთში უნდა გადაჭრან.
Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო შესწორებები კანონში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ", რომლის თანახმად საქართველოში საპროტესტო აქციებზე ახალი შეზღუდვები იმოქმედებს.
იარაღის, ასაფეთქებელი და ადვილად აალებადი ნივთიერებების, ირგვლივ მყოფებისთვის საშიში საგნებისა და ნივთიერებების, ალკოჰოლისა და გზების გადაკეტვის აკრძალვას ემატება დროებითი კონსტრუქციების დადგმა აქციის ჩატარების ტერიტორიაზე.
შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს, ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; არ უკავშირდება უშუალოდ შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას.
გარდა ამისა, შესწორებების თანახმად, უკანონო კონსტრუქციის დემონტაჟზე ვრცელდება იგივე წესები, რაც გზის უკანონო ბლოკირებაზე. კერძოდ, სამართალდამცველები ვალდებული იქნებიან, აქციის მონაწილეები გააფრთხილონ კონსტრუქციის დემონტაჟის აუცილებლობის შესახებ და აქციის ორგანიზატორებმა ეს საკითხი 15 წუთში უნდა გადაწყვიტონ. პოლიციას ამის შემდეგ უფლება ექნება, წესრიგის აღსადგენად კანონით გათვალისწინებული ზომები მიიღოს.
სახალხო დამცველმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებები გააკრიტიკა>>
გარდა ამისა, პარლამენტმა მიიღო შესწორებები ადმინისტრაციული დარღვევების კოდექსში, რაც პოლიციას სადავო საგნების კონფისკაციის უფლებას აძლევს.
კანონდარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით აქციის მონაწილეზე, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით, ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.