თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, დადიანის ქუჩაზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მამაკაცი მასთან ერთად მცხოვრებმა მეგობარმა სექსუალურ ნიადაგზე მომხდარი უთანხმოების გამო მოკლა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ბრალდებულმა დადიანის ქუჩაზე მდებარე შენობის სარდაფში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მასთან ერთად მცხოვრებ მეგობარს, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული 5 ოქტომბერს თბილისში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებად ამოიღო.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 11'-109-ე მუხლის „ე“ და „კ“ ქვეპუნქტებით (სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ მკვლელობა, უმწეო მდგომარეობაში მყოფი, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.