ირაკლი ღარიბაშვილმა დასავლელ კოლეგებს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის მიზეზები აუხსნა
პრეზიდენტი „რადიკალური ოპოზიციის“ დონეზე დაეშვა, განაცხადა ღარიბაშვილმა.
Sputnikთბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიზანმიმართულად დაარღვია კონსტიტუცია და მმართველ გუნდს სხვა გზა არ დაუტოვა, გარდა იმპიჩმენტის პროცესის დაწყებისა, განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტის ფარგლებში, რომელიც გრანადაში მიმდინარეობს.
პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას შეუდგება, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. სასამართლო კოლეგია სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეების არგუმენტებს იმის თაობაზე, ჰქონდა თუ არა ზურაბიშვილს მთავრობის თანხმობის გარეშე საზღვარგარეთ გამგზავრების უფლება.
„ეს პროცესი, რომელიც წამოიწყო, სამწუხაროდ, ქალბატონმა პრეზიდენტმა და ჩვენ გვაიძულა, რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო. მით უმეტეს, როცა ჩვენი ქვეყანა ამდენი გამოწვევის წინაშეა. ბევრად მეტი პრობლემა აქვს ქვეყანას მოსაგვარებელი... მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ დაგვიტოვა ქალბატონმა სალომემ, რომელმაც დემონსტრაციულად, მიზანმიმართულად დაარღვია კონსტიტუცია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ზურაბიშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა „მიზანმიმართულ პროვოკაციას“.
„მე ამას ვუწოდებ პროვოკაციას. მით უმეტეს, ასეთ ვითარებაში, როცა ქვეყანა ელოდება სტატუსს. რა დროს ასეთი ტიპის, მდარე ხარისხის პროვოკაციაზე წასვლაა?“ – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ზურაბიშვილმა იცოდა, რომ ხელისუფლებას მის ქმედებაზე რეაგირება მოუწევდა.
„ჩვენ იძულებული ვიყავით, რომ სამართლებრივი შეფასება მიგვეცა მისი ამ ქმედებისთვის, მისი ამ პირდაპირი დემონსტრაციული ქმედებისთვის. მე ეს ავუხსენი ჩვენს ევროპელ კოლეგებს. რა თქმა უნდა, მათ ეს ესმით, ეს სუფთა სამართლებრივი საკითხი ესმით, მაგრამ ასევე გვეუბნებიან, რომ ეს არ არის ლამაზი. რა თქმა უნდა, ეს ოპტიკას და აღქმებს აფუჭებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, პრეზიდენტი, ნაცვლად იმისა, რომ გამოეხატა მზადყოფნა და მხარი დაეჭირა ხელისუფლებისთვის ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაში კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ოპოზიციის დონემდე დაეშვა.
„ჩვენ ნაცვლად ამისა ვნახეთ ოპოზიციის დონეზე დასული პრეზიდენტი. თან რომელი ოპოზიციის – რადიკალური, დესტრუქციული ოპოზიციის დონეზე, იმიტომ რომ მანაც გაიმეორა ზუსტად ანალოგიური მესიჯები, ის ნარატივი, რომელიც ოპოზიციას ჩამოყალიბებული აქვს, რომ, თურმე, ჩვენ არ ვასრულებთ რეკომენდაციებს, თურმე ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი არის გაუგებარი და თურმე ქვეყანა არ იმსახურებდა სტატუსს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ურთიერთობები მმართველ პარტიასა და პრეზიდენტ ზურაბიშვილს შორის მარტიდან მკვეთრად გაუარესდა – დაძაბულიდან ის ნამდვილ კონფლიქტში გადაიზარდა. მარტში სახელმწიფოს მეთაურმა საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა, რომ საქართველო გასულ წელს არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და დღესაც ევროკავშირის რეკომენდაციები მხოლოდ ფორმალურად სრულდება.
მმართველმა პარტიამ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ წამოიწყო, რაც სახელმწიფო მეთაურმა 31 აგვისტოს საზღვარგარეთული ტურნე და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრები დაიწყო მთავრობის თანხმობის გარეშე. მინისტრთა კაბინეტმა ვიზიტებზე უარი ახსნა იმით, რომ მის მიმართ ნდობა დაკარგეს.
თავის მხრივ, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ევროპაში ვიზიტების მიზანია ქვეყნის მხარდაჭერა კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში.
პრემიერის თქმით, ხელისუფლებამ ზურაბიშვილის მიმართ ნდობა დაკარგა.
„ქვეყანაში არავინ არ დგას კანონზე მაღლა – არც პრეზიდენტი, არც პრემიერ-მინისტრი, არც პარლამენტი და არც არავინ... ნდობა დაიკარგა. ჩვენ, ბუნებრივია, ოპოზიციონერს ჩვენი მანდატით და ჩვენი უფლებამოსილების ქვეშ ვერ გავუშვებდით ევროპაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ თუ პრეზიდენტი გააცნობიერებს იმას, რომ ქვეყანას გაცილებით მეტი მნიშვნელოვანი საკითხები აქვს მოსაგვარებელი, თუ იგი მხარს დაუჭერს და გახდება ხელისუფლების მხარდამჭერი ამ პროცესში, ის მხოლოდ მიესალმება მის ამ ძალისხმევას.
რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვას, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ამტკიცებდნენ, რომ ზურაბიშვილმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი („საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება“), რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს უფლება აქვს განახორციელოს წარმომადგენლობითი ფუნქციები საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით.
ზურაბიშვილის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის ორი მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი“ (49-ე მუხლი), სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში და „ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“ (78-ე მუხლი), რომლის თანახმად, საკონსტიტუციო ხელისუფლებამ, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა უზრუნველყოს საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში.