თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა ხელს არ უწყობს ქვეყანაში სიტუაციის დეპოლარიზაციას, არამედ პირიქით, აძლიერებს მას, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.
მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
„შემიძლია გავიმეორო ის, რაც უკვე არაერთხელ მითქვამს და რაც თქვა უმაღლესმა წარმომადგენელმა, ვიცე-პრეზიდენტმა (ევროკომისიის) ჟოზეპ ბორელმა, როდესაც თბილისში იმყოფებოდა. საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარე იმპიჩმენტის პროცედურა არ უწყობს ხელს საქართველოში სიტუაციის დეპოლარიზაციას. პირიქით, ეს აძლიერებს პოლარიზაციას, რისი მომსწრენიც ყველანი გავხდით ბოლო ორი დღის განმავლობაში", – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
დეპოლარიზაცია პირველია ევროკავშირის 12 პირობიდან, რომელიც ქვეყანამ სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს. ევროკომისიის შუალედური ანგარიშის თანახმად, ეს პუნქტი საქართველომ ნაწილობრივ შეასრულა.
პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვას შეუდგება, თუ საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს დასკვნას, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია. მოსამართლეთა კოლეგია სამი დღის განმავლობაში ისმენდა მხარეების არგუმენტებს იმის თაობაზე, ჰქონდა თუ არა ზურაბიშვილს საზღვარგარეთული ვიზიტების უფლება მთავრობის თანხმობის გარეშე.
„მოგეხსენებათ, ახლა საქმე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოშია. კომენტარის გაკეთება არ მინდა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტია. მესმის როგორც პრეზიდენტის, ასევე პარტიის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს თავიანთი არგუმენტები. როგორც ყველა, მეც ველოდები სასამართლოს აზრს. რა თქმა უნდა, ამას პატივი უნდა ვცეთ", – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.
საკონსტიტუციო სასამართლოში მმართველი პარტიის დეპუტატები აცხადებდნენ, რომ ზურაბიშვილმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი „საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები", რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
ზურაბიშვილის დაცვა კი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.
სტატუსის მოლოდინში
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კი განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანამ ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე მუშაობა საკანონმდებლო დონეზე თითქმის დაასრულა.