ევროკავშირი გმობს ძალადობას, მაგრამ მხარს უჭერს შეკრების თავისუფლებას - ჰერჩინსკი

ევროპელმა დიპლომატმა სკანდალურ კანონზე თავისი აზრი გამოთქვა.
Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირი გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, მაგრამ, მეორე მხრივ, მკაფიოდ უჭერს მხარს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.
საქართველოს პარლამენტმა გუშინ მიიღო შესწორებები კანონში "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ", რომლის თანახმად, საქართველოში საპროტესტო აქციებზე ახალი შეზღუდვები იმოქმედებს. ცვლილებების ინიცირება სუსის განცხადების შემდეგ მოხდა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით არეულობები იგეგმება.

„ახალ კანონზე ჩვენ ვნახეთ ომბუდსმენის პოზიცია, რომელმაც გამოხატა საკუთარი მოსაზრება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. რისი თქმაც მე შემიძლია, არის ის, რომ, როგორც ევროკავშირი, ჩვენ ვგმობთ ძალადობას, ვისკენაც არ უნდა იყოს მიმართული, ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან მკაფიოდ ვუჭერთ მხარს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას", – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

შესწორებების წინააღმდეგ ოპოზიციური პარტიების, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები გამოდიან. კანონპროექტი სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ შესწორებები სიტყვისა და შეკრების თავისუფლებაში ჩარევა, ასევე აზრის გამოხატვის შეზღუდვაა.
იარაღის, ასაფეთქებელი და ადვილად აალებადი ნივთიერებების, ირგვლივ მყოფებისთვის საშიში საგნებისა და ნივთიერებების, ალკოჰოლისა და გზების გადაკეტვის აკრძალვას დაემატა დროებითი კონსტრუქციების დადგმა აქციის ჩატარების ტერიტორიაზე.
შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს, ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; არ უკავშირდება უშუალოდ შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას.
საქართველოს პარლამენტმა საპროტესტო აქციებზე წესები გაამკაცრა - რა შეიცვალა>>
გარდა ამისა, შესწორებების თანახმად, უკანონო კონსტრუქციის დემონტაჟზე ვრცელდება იგივე წესები, რაც გზის უკანონო ბლოკირებაზე. კერძოდ, სამართალდამცველები ვალდებული იქნებიან, აქციის მონაწილეები გააფრთხილონ კონსტრუქციის დემონტაჟის აუცილებლობის შესახებ და აქციის ორგანიზატორებმა ეს საკითხი 15 წუთში უნდა გადაწყვიტონ. პოლიციას ამის შემდეგ უფლება ექნება, წესრიგის აღსადგენად კანონით გათვალისწინებული ზომები მიიღოს.
გარდა ამისა, პარლამენტმა მიიღო შესწორებები ადმინისტრაციული დარღვევების კოდექსში, რაც პოლიციას სადავო საგნების კონფისკაციის უფლებას აძლევს.
რატომ გახდა აქტუალური ცვლილებების საკითხი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, ქვეყანაში 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაცია იგეგმება. არეულობა მოსალოდნელია იმ პერიოდში, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდება.
სუსის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არეულობების ორგანიზატორები აპირებდნენ "კარვების ქალაქის" მოწყობას, სადაც წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას. აფეთქების შემთხვევაში ამის შედეგად დაიღუპებიან როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე სამართალდამცველები.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
სახალხო დამცველმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში ცვლილებები გააკრიტიკა>>
კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ კანონდარღვევისთვის გათვალისწინებულია სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით. ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.
შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს.
აღნიშნული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.