თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ელექტროსადგურებმა 2023 წლის იანვარ-სექტემბერში რეკორდული რაოდენობის ელექტროენერგია გამოიმუშავეს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
„2023 წლის 9 თვეში საქართველოში ენერგოგენერაციის მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ რეკორდულ მაჩვენებელს და ისტორიულ მაქსიმუმს – 11,1 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწია“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, ასევე რეკორდულია ელექტროენერგიის ექსპორტის მაჩვენებელიც – 1,5 მლრდ კვტ/სთ.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ მოიხმარა 14,8 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 2021 წლის მონაცემებზე 3,8%-ით მეტია.
გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 2021 წლის მონაცემზე 12,7%-ით მეტია.
გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.
ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების პირობებში ენერგეტიკის სექტორის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ამასთან დაკავშირებით დაინერგა განახლებადი ენერგეტიკის მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1,5 ათასი მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.
ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა, რომლის ფარგლებში 300 მგვტ დადგმული სიმძლავრის პირველი აუქციონი ჩატარდა. მისი თქმით, მთავრობის ამ ინიციატივის მიმართ კერძო სექტორმა ძალზე მაღალი ინტერესი გამოავლინა.
პირველი აუქციონის შედეგად 15 ჰიდროელექტროსადგურის, 2 ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი განხორციელდება.
„ამ პროექტების განხორციელების შედეგად შესაძლებელი იქნება დაახლოებით 1,1 მლრდ კვტ/სთ ენერგიის გამომუშავება ყოველწლიურად, ხოლო ამ პროექტებში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა ჯამურად 400 მლნ დოლარს გადააჭარბებს. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სიმძლავრის მეორე აუქციონის გამოცხადება“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, მთავრობა მუშაობს დიდი სიმძლავრის ოთხი ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განვითარებაზე, მათ შორისაა „ხუდონჰესის“ პროექტიც.
დავითაშვილის თქმით, პროექტის შემდგომი განვითარების მიზნით უახლოეს პერიოდში დასრულდება ალტერნატიული ვარიანტების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და ენერგეტიკული, სოციალური და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით შეირჩევა პროექტის საუკეთესო კონფიგურაცია, რის შემდეგაც იგეგმება ინვესტორის შერჩევის პროცედურების დაწყება.
გარდა ამისა, მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება ქვეყნის ენერგოსტაბილურობისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე, აგრეთვე გარდაბნის მუნიციპალიტეტში 350-430 მგვტ დადგმული სიმძლავრის კომბინირებული ციკლის მაღალეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე და ამ მიზნით კერძო ინვესტორის გამოვლენის პროცესზე.
მინისტრმა ქვეყნის გაზიფიკაციის ამჟამინდელ მდგომარეობაზეც ისაუბრა.
„გაზიფიცირება არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით ვახორციელებთ არაერთი წელია და მნიშვნელოვანია რეგიონების ეკონომიკურ-სოციალური განვითარების თვალსაზრისით“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის 9 თვეში გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 37 დასახლებულ პუნქტში, ქსელში ჩართვის შესაძლებლობა 7,8 ათასზე მეტ ოჯახს მიეცა. გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ ბუნებრივი გაზი ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 93%-სთვის.