საიდუმლო, რომელსაც ქართული ენა მხოლოდ მის მოყვარულებს გაანდობს

სოფიო მახაჭაშვილი ერთი პერიოდი საქართველოს ენის სახელმწიფო პალატაში მუშაობდა.
Sputnik
„ჩემი მომავალი პროფესია გარკვეულწილად პედაგოგების ოჯახში აღზრდამ და მხატვრული ლიტერატურისადმი უსაზღვრო სიყვარულმა განსაზღვრა“ - გვითხრა ფილოლოგმა, ასისტენტ-პროფესორმა სოფიო მახაჭაშვილმა, რომელიც თურქეთში რიზეს ერდოღანის უნივერსიტეტში ადგილობრივ სტუდენტებს ქართულ ენას ასწავლის. მანამდე ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტი დაამთავრა წარმატებით. ცხრა წელი ქარელის რაიონის სოფელ დვანში მშობლიურ სკოლაში მუშაობდა.
- ქალბატონო სოფიო, შეგიძლიათ გაიხსენოთ, პროფესიული განვითარების რა გზა გაიარეთ?
- უმაღლესის დამთავრების მერე, 1994 წელს სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში შევედი მაძიებლად. ჩემი სადისერტაციო ნაშრომი იყო „შიო მღვიმელი - ცხოვრება და მოღვაწეობა“, რომლის შემდეგაც აკადემიური ხარისხი მომენიჭა. ჩემი სტატიები იბეჭედებოდა ლიტერატურულ ჟურნალებში „მნათობი“ და „ცისკარი“, გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“. 2001 წელს ცხოვრების მორიგმა ტალღამ სხვა მიმართულებით წამიყოლა. შიდა ქართლის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე ვმუშაობდი მის ლიკვიდაციამდე, 2005 წლამდე.
- ენის პალატის გაუქმების შემდეგ რა შემოთავაზება მიიღეთ?
სოფიო მახაჭაშვილი ქართული ენისა და ლიტერატურის განყოფილებაში კოლეგებთან ერთად
- ენის პალატის გაუქმების შემდეგ, 2005 წლიდან თავი ამოვყავი სოციალურ სამსახურში, რომელიც იმ პერიოდში ყალიბდებოდა. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მშობლიური ენისადმი დამოკიდებულება ჩემში გარკვეულწილად შეიცვალა. იმ ტკბობასთან ერთად, რასაც ლიტერატურისგან ვიღებდი, ენის სიწმინდის დაცვა, მისი სხვაგვარად მოფერება და პოპულარიზაციაზე ზრუნვა მოთხოვნილებად მექცა. დღემდე ეკალივით ესობა ჩემს თვალსა და ყურს დამახინჯებული ქართულით შესრულებული სარეკლამო აბრები თუ სატელევიზიო სივრციდან მოსმენილი მიკიბულ-მოკიბული ქართული მეტყველება. 2005 წელს აქტიურად ვიყავი ჩართული განათლების სამინისტროსთან არსებული კომისიის მუშაობაში. მისი ფუნქცია ადგილობრივი რესურს-ცენტრის ფორმირება იყო.
სოფიო მახაჭაშვილი
- რამდენი წელი იმუშავეთ სოციალურ სამსახურში?
- სოციალურ სამსახურს 12 წელი შევრჩი. ესაა სფერო, რომელმაც ადამიანთა შეცნობის, საზოგადოებასთან ურთიერთობის უდიდესი გამოცდილება დამიგროვა. იმ პერიოდში ოჯახურმა მდგომარეობამ სხვა, უფრო მნიშვნელოვანი საზრუნავი გამიჩინა - პატარა შემეძინა. ბედის ერთ საჩუქარს მეორე მოჰყვა. ამიტომ ყველამ და ყველაფერმა უკანა რიგში გადაინაცვლა.
- პროფესიაში თქვენი დაბრუნება რომელმა შემთხვევამ განაპირობა?
- მე მჯერა, რომ ქვეყნად შემთხვევით არაფერი ხდება. 2016 წელს „ბიდისი აკადემიის“ გორის ფილიალმა სკოლამდელი აღზრდის ტრენინგ-კურსის კოორდინატორობა შემომთავაზა. ასე რომ, განგებამ, უკვე ცოდნა-გამოცდილებით გამდიდრებული, ჩემს ძირითად პროფესიასთან ისევ მიმიყვანა. ამავე პერიოდში მიწვევა მივიღე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სადაც 2016-2017 წლებში მოწვეულ ლექტორად ვიმუშავე. იქ ლიტერატურათმცოდნეობისა და ქართულის სწავლების მეთოდიკის თეორიული კურსი მიმყავდა. მოგვიანებით არაქართულენოვანი აბიტურიენტების ქართული ენის მომზადების პროგრამის ფარგლებში ორთოგრაფია-ორთოეპიის პრაქტიკული კურსის წაყვანის შემოთავაზება ახალ გამოწვევად მექცა.
- თურქეთის უნივერსიტეტში როგორ აღმოჩნდით?
სოფიო მახაჭაშვილი სტამბულის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრში
- 2017 წელს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და რიზეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე გორის უნივერსიტეტმა წინადადება მიიღო აკადემიური პერსონალის მიწვევის თაობაზე. უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი სოსიაშვილმა ჩათვალა, რომ მე ვაკმაყოფილებდი იმ კრიტერიუმებს, რაც რიზეს უნივერსიტეტის მხრიდან იყო წარმოდგენილი და შემომთავაზა გავცნობოდი კონტრაქტის პირობებს. თურქეთის საელჩოში კულტურის ატაშესთან გასაუბრების შემდეგ გადაწყდა ჩემი გაგზავნა შემოთავაზებული პოზიციის დასაკავებლად. კონტრაქტი ერთ წელს ითვალისწინებდა. თუმცა, 2018 წლის იანვრიდან მოყოლებული უკვე მეოთხედ მივიღე შემოთავაზება კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე და დღემდე ვაგრძელებ მუშაობას. ამის მიზეზი უნივერსიტეტის რექტორატის, ფაკულტეტის დეკანატისა და სპეციალობის ხელმძღვანელის, ქალბატონი გულ მუქერემ ოზთურქის მხრიდან თანადგომა და ხელშეწყობაა.
თურქ მეგობრებთან ერთად
- რიზეს უნივერსიტეტი პირველი არ არის თურქეთში, სადაც ქართული ენის სწავლება დაიწყო, ვის მიუძღვის დიდი წვლილი ამ საქმეში?
- რიზეს უნივერსიტეტი მეოთხეა თურქეთში, რომელშიც ქართული ფილოლოგიის სპეციალობა გაიხსნა. აბიტურიენტების მიღება აქ 2016 წლიდან დაიწყო. ამ სპეციალობის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი ქართულ ენაზე უსაზღვროდ შეყვარებულ თურქეთში მოღვაწე ქართველოლოგს, ბატონ ჰარუნ ჩიმქეს მიუძღვის. ჩემ ჩამოსვლამდე აქ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი რუსუდან საღინაძე და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქალბატონი მაია კიკვაძე მუშაობდნენ. მათი უდიდესი ძალისხმევითა და მზრუნველობით ჩამოყალიბდა ეს სპეციალობა ისეთად, როგორიც ახლაა. ჩვენი სტუდენტების უმრავლესობა თურქია, ისინი თურქეთის სხვადასხვა კუთხიდან არიან და ქართულს, როგორც ერთ-ერთ უცხო ენას, წმინდა პრაქტიკული ინტერესის გამო სწავლობენ.
სოფიო მახაჭაშვილი
- მათ შორის თუ არიან წარმოშობით ქართველები?
- დიახ, მათ შორის არიან წარმომავლობით ქართველებიც. მათი ინტერესი საკუთარი იდენტობის ძიებითაა განპირობებული. რამდენიმე მათგანი იმერხეულითა და ლაზურით მოლაპარაკე სტუდენტიცაა და ძალზე საინტერესოა მათთან მუშაობა. რამდენიმე სტუდენტისთვის ეს მეორე სპეციალობაა. ისტორიის სპეციალობის სტუდენტებისთვის ქართული ენა არჩევით საგნად ისწავლება. ქართულ ისტორიულ წყაროებზე მუშაობის სურვილმა მათ ენის შესწავლის საჭიროება დაანახა. ამიტომ მოისურვეს, რომ მას უფრო უკეთ ჩასწვდომოდნენ.
- ქართული ენა საკმაოდ რთულია, ამ მხრივ თურქი სტუდენტებისგან ხომ არ გახსენდებათ რაიმე?
- მახსოვს, ჩემმა ერთ-ერთმა გამორჩეულმა სტუდენტმა, რომელიც მოწადინებული იყო ქართული ენა სწრაფად შეესწავლა, ერთხელ მკითხა: „ქალბატონო სოფიო, რატომაა ქართული ენა ასეთი რთული?“ დამეთანხმებით, არ არის მარტივი ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ჩემი პასუხი ასეთი იყო: იმიტომ რომ ყველამ არ ისწავლოს, ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. სამაგიეროდ ვინც გულით მოინდომებს, ენა თავად გაუმხელს მას საიდუმლოს–მეთქი.
სოფიო მახაჭაშვილი
- ქართულ ენაზე სპექტაკლებიც გაქვთ დადგმული...
- დიახ, ინსტიტუტში არის დრამატული წრე, სადაც სტუდენტებმა ქართულ ენაზე ნოდარ დუმბაძის გმირები აამეტყველეს სპექტაკლში „სიყვარული და მარადისობა“. ეს სპექტაკლი წარმოვადგინეთ ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალზე „Nოვაცია“, ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ქართული კულტურის ამაგდარის, ბატონ მერაბ კვიცარიძის პატრონაჟით. სხვათა შორის, არაერთი პრიზი დავიმსახურეთ და ეს ფაქტი სტუდენტებთან ერთად მეც ძალიან მახარებს.
ნინო მამულაშვილი