თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ბელგიაში მასშტაბური ევროპული ფესტივალი „ევროპალია" გაიხსნა, სადაც სტუმრის სტატუსით საქართველოს მასპინძლობს. ფესტივალზე მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებები იქნება წარმოდგენილი.
კულტურის ფესტივალი „ევროპალია" ბელგიაში 1969 წლიდან სამეფო ოჯახის პატრონაჟით იმართება. ფესტივალის დასახელება გაჩნდა სიტყვების შეერთებით – „ევროპა" და „ოპალია" (ლათ. opalia - ძველ რომში უხვი მოსავლის დღესასწაული). წელს ფესტივალი 4 ოქტომბერს დაიწყო და ის 2024 წლის 14 იანვრამდე გასტანს.
„მიუხედავად მრავალი შემოსევისა, საქართველოს არ დაუკარგავს თავისი კულტურული იდენტობა. ასეთია ქვეყნის ამტანობა – ძლიერი იდენტობის შედეგი, რომელიც დიდი ისტორიიდან მოდის. საქართველომ ყველა მხრიდან, აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან შეძლო, მოახერხა მრავალფეროვნების ათვისება და თავის კულტურასთან მისი შერწყმა", – განაცხადა ფესტივალის პრეზიდენტმა, ბარონმა ფილიპ ვლერიკმა.
ფესტივალის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი.
ფესტივალის ფარგლებში ბრიუსელში ორი მასშტაბური გამოფენის გამართვა იგეგმება. პირველი გამოფენა „ავანგარდი საქართველოში (1900-1936 წწ.)" 4 ოქტომბერს გაიხსნა და მასზე წარმოდგენილია 300-მდე ექსპონატი როგორც ქართული, ისე უცხოური მუზეუმებიდან, ასევე კერძო კოლექციებიდან.
მეორე გამოფენა სახელწოდებით „საქართველო - შეხვედრის ადგილები" 27 ოქტომბერს გაიხსნება. ღონისძიების სტუმრები შეძლებენ უფრო ახლოს გაეცნონ საქართველოს ისტორიას და მის კულტურას.
გამოფენების გარდა ღონისძიების პროგრამა მრავალფეროვანია – გაიმართება 60-მდე ღონისძიება, რომელთა შორისაა გამოფენები, სპექტაკლები, კონცერტები, საცეკვაო და თეატრალური წარმოდგენები, ასევე ლიტერატურული საღამოები.