„ოცნება" და „ნაცმოძრაობა“ იმპიჩმენტზე ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ - გახარიას პარტია

Sputnik
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" და ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ცდილობენ ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" პოლიტიკურ აფერაში ჩაითრიონ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, განაცხადა პარტიის „საქართველოსთვის" დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლოში მესამე დღეა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო სასამართლო განხილვა მიმდინარეობს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. მმართველმა პარტიამ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ წამოიწყო, რაც სახელმწიფო მეთაურმა 31 აგვისტოს საზღვარგარეთული ტურნე და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრები დაიწყო მთავრობის თანხმობის გარეშე. პრეზიდენტის თქმით, ვიზიტების მიზანი საქართველოს დახმარებაა კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხში.

„მინდა განცხადება გავაკეთო „ოცნების" და „ნაცების" პარტიის „საქართველოსთვის" წინააღმდეგ დაწყებული, ერთობლივად დაგეგმილი, ტყუილსა და ჭორზე დაფუძნებული პროპაგანდის შესახებ. „ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა" – ეს ორი ერთმანეთზე უარესი წარსულის პარტია ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის", – განაცხადა დაუშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ეს ორი პარტია ერთობლივად ცდილობს მათი გუნდის ჩათრევას პრეზიდენტის იმპიჩმენტის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკურ თაღლითობაში, რათა შეიქმნას პასუხისმგებლობის სხვაზე გადაბრალების შესაძლებლობა.
დაუშვილის თქმით, „ნაცმოძრაობის" წარმომადგენლები ცდილობენ აჩვენონ, თითქოს მათ არანაირი კავშირი არა აქვთ იმპიჩმენტის პროცედურასთან და არ აპირებენ მის მხარდაჭერას, თუმცა, სინამდვილეში, როგორც ჩანს, იქ ფარულად მიმდინარეობს სხვა მოლაპარაკებები, აღნიშნა დაუშვილმა.

„თუ ვინმე „ოცნების" მხარდამჭერი შეიძლება გახდეს ამ საქმეში, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა" და ისინი ცდილობენ პასუხისმგებლობა გადააბრალონ სხვას, ჩვენზე აქვთ აქცენტი გაკეთებული, თითქოს ვაპირებთ „ოცნებას" დავეხმაროთ იმპიჩმენტში", – განაცხადა დაუშვილმა.

ამასთან, ოპოზიციონერმა აღნიშნა, რომ არანაირი შანსი არაა, რომ ვინმემ გახარიას გუნდიდან ხმა მისცეს პრეზიდენტის იმპიჩმენტს.

„ჩვენ გვინდა ვუთხრათ მათ ორივეს, გამოწვევა მიღებულია და დაელოდეთ პასუხს!" – განაცხადა დაუშვილმა ბრიფინგზე.

ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ".
პრეზიდენტის იმპიჩმენტი - დასახელდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საბოლოო ვადა>>
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
თავის მხრივ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაეყრდნო, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
ამის პასუხად „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ აქაც არის მითითება, რომ საუბარია მოქმედებებზე უფლებამოსილების ფარგლებში.