თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერი ნიკა მელია ამ პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თავის ტკივილად რჩება, ხაბეიშვილი კი მელიასთვის გულისტკივილია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.
მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პარტიის ახალმა მენეჯმენტმა მოსვლიდან 5 დღეში დაივიწყა თავისი დაპირება, რომელზეც „ბევრი ემოციური, ერთგული მხარდამჭერი წამოაგო“, დაპირება, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება რეჟიმის შეცვლის გარეშეა შესაძლებელი. მელიამ აღნიშნა, რომ გავიდა ცხრა თვე, ქვეყანაში კი არცერთი მასშტაბური მიტინგი არ ჩატარებულა.
„მელია ლევან ხაბეიშვილის თავის ტკივილად რჩება და ლევან ხაბეიშვილი - ნიკა მელიას გულისტკივილად. ეს პარტია დაშლილია, შიგნით მემკვიდრეობის, ძალაუფლების, უკანონო ფულისა და მედიის გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყეს, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ. 2023 წელს ხაბეიშვილმა შიდაპარტიული არჩევნები მოიგო და მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია ხაბეიშვილს უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს სამომავლო გეგმა, რის გამოც არჩევნებში მონაწილეობის ეშინია.
„ვხედავთ, რომ შუალედურ არჩევნებში ერთი კანდიდატიც ვერ დააყენეს. როცა პრეტენზია მთავარ ოპოზიციურ პარტიაზე გაქვს და არჩევნებში ერთ კანდიდატს ვერ აყენებ, ეს უკვე არის პოლიტიკური დიაგნოზი“, - განაცხადა თალაკვაძემ.
სააკაშვილი მრავალი წელია, არ არის საქართველოს მოქალაქე (არის უკრაინის მოქალაქე), შესაბამისად, ვერ იქნება ქართული პარტიის წევრი და, მით უმეტეს, მას ოფიციალურად ვერ ჩაუდგება სათავეში. მიუხედავად ამისა, ამ წლების განმავლობაში ექს-პრეზიდენტი პარტიის იდეური სულისჩამდგმელად რჩებოდა და მოსახლეობაში „ნაცმოძრაობა“ მასთან ასოცირდებოდა.
პარტიაში ორი ბანაკი ჩამოყალიბდა – ყოფილი ლიდერის ნიკა მელიას ზომიერი პოლიტიკის მომხრეები და რადიკალური მოქმედებების მომხრე ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერები.
მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოში“ მიიჩნევენ, რომ ხაბეიშვილის „ნაცმოძრაობის“ ლიდერად არჩევით პარტიის დასასრული მოახლოვდა.