მინისტრი: ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები გადაიხედება

Sputnik
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი აუცილებლად მიიჩნევს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების გადახედვას, რადგან ისინი არ შეესაბამებიან თანამედროვე საერთაშორისო განათლების სტანდარტებს. ამის თაობაზე მინისტრმა „პირველი არხის" ეთერში განაცხადა.
ეროვნული სასწავლო გეგმა, როგორც საბაზო დოკუმენტი, განსაზღვრავს – რა, სად და როგორ უნდა ისწავლებოდეს საქართველოს სკოლებში.

„აუცილებლად არის გადასახედი, პრაქტიკულად, მთავარი დოკუმენტი, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, რომელიც მრავალი წლის წინ იქნა მიღებული, ვინაიდან თანამედროვე საერთაშორისო განათლების სტანდარტებთან ის არანაირად არ მოდის თანხვედრაში", – განაცხადა ამილახვარმა.

უწყება აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით და მზადაა ფართო წრეებთან ერთად განიხილოს განათლების საკითხები: ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები; საბავშვო ბაღები და სკოლამდელი განათლება; სკოლა და ზოგადი განათლება; სკოლის ავტონომია; ეროვნული სასწავლო გეგმა; შეფასების სისტემა; სკოლების ავტორიზაცია.
გარდა ამისა, სამინისტრო მზადაა ასევე განიხილოს საკითხები: სასკოლო საზოგადოების მხარდაჭერა; მასწავლებელი, მისი სამუშაო, ფინანსური და სოციალური პირობები; კარიერული განვითარების სქემა; სკოლების დაფინანსება და სასკოლო კვება; განათლების პოლიტიკის დაგეგმვა; სასწავლო რესურსები და სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი; ახალი ხედვა პროფესიულ განათლებაში; უმაღლესი განათლება და მეცნიერება.
საქართველოში კერძო სკოლები უფრო დამოუკიდებელი გახდება - მინისტრმა ახალ რეფორმებზე ისაუბრა>>>
როგორც ამილახვარმა აღნიშნა, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საკითხები საჯარო განხილვის საგანია, განათლების სამინისტრო მზადაა მიიღოს ძალზე რთული და მტკივნეული გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიძლება დიდი დროის მანძილზე არ მიღებულა.
„ჩვენ მზად ვართ გაგიზიაროთ ჩვენი მოსაზრებები და მოვისმინოთ თქვენი ხმაც. საბოლოოდ, ავიღოთ პასუხისმგებლობა, მივიღოთ გადაწყვეტილება", – განაცხადა ამილახვარმა.
საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმა 2004 წლის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საფუძველზე შეიქმნა და მისი განხორციელება ქვეყანაში 2006-2007 სასწავლო წლიდან დაიწყო.
ეროვნული სასწავლო გეგმა, როგორც საბაზო დოკუმენტი, პერიოდულად საჭიროებს განახლებას, რათა აისახოს როგორც სტუდენტებისა და მასწავლებლების საჭიროებები, ისე საერთაშორისო პრაქტიკა და განათლების სფეროს თანამედროვე ტენდენციები.