თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ვაზიანის ყოფილ აეროდრომზე ახალი აეროპორტის მშენებლობის პროექტი არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის სამოქალაქო ავიაციას, პირიქით, ეს დადებითად აისახება ქვეყნის უსაფრთხოებაზე, განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.
საქართველოს საავიაციო ჰაბად გადაქცევის ამბიციური გეგმების თაობაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის ზაფხულში გააკეთა. მთავრობა ორ ვარიანტს განიხილავს – არსებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებას და ყოფილი ვაზიანის აეროდრომის ტერიტორიაზე ახლის აშენებას. მეორე ვარიანტის განხილვისას გაჩნდა კითხვა, რამდენად უსაფრთხო იქნება ეს ტერიტორია, რადგან ახლოს მდებარეობს სამხედრო ბაზა.
„ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობა, დღეს არსებული წინასწარი მონაცემებით, არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის სამოქალაქო ავიაციას, არანაირი საფრთხის შემცველი არ იქნება ფრენებისთვის, იგივე დისტანციაზე სამხედრო ობიექტებიდან დღეს ფუნქციონირებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი", – განაცხადა ბერაიამ.
მისი თქმით, ახალი აეროპორტის განვითარება ადგილის გათვალისწინებით, რომელიც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სტანდარტების შესაბამისად შეირჩა, კიდევ უფრო მოსახერხებელი იქნება, კიდევ უფრო დიდი დატვირთვის შესაძლებლობის მქონე და ფრენების თვალსაზრისით უფრო უსაფრთხო.
„იყო სპეკულაცია, თითქოს სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობა ხელს შეუშლიდა ირგვლივ სამხედრო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას და განვითარებას, ეს არის სრული სიცრუე... ეს პროექტი იქნება წარმატებული ეკონომიკის განვითარებისთვის, არანაირ პრობლემას არ ქმნის, პირიქით, კიდევ უფრო უკეთესი იქნება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის", – განაცხადა ბერაიამ.
ახალი აეროპორტის საჭიროება
როგორც ადრე მთავრობაში განაცხადეს, მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი აეროპორტის მშენებლობის აუცილებლობა თბილისის აეროპორტში გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო წარმოიშვა. ამჟამად არსებულ აეროპორტს კი არ გააჩნია იმ მოცულობით გაფართოების შესაძლებლობა, რაც ქვეყანას სჭირდება.
მთავრობას სურს ჰქონდეს ისეთი აეროპორტი, რომელიც ხელს შეუწყობს სატვირთო საჰაერო გადაზიდვების განვითარებას, ბუნებრივია, სამგზავრო ავიაციის განვითარების კვალდაკვალ.
საუბარია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე. ახლა მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი, საუკეთესო არქიტექტორების და ჯგუფების, კომპანიების შერჩევა, რათა სამუშაოები 2024 წელს დაიწყოს.
მთავრობა განიხილავს ახალი აეროპორტის წილის ინვესტორებზე გაყიდვის შესაძლებლობას, მაგრამ საკონტროლო პაკეტს თავად დაიტოვებს.
როგორც ადრე პრემიერმა განაცხადა, იმისათვის, რომ საქართველო რეგიონული საავიაციო ჰაბი გახდეს, აუცილებელია გვქონდეს რეგიონში საუკეთესო საერთაშორისო კლასის აეროპორტი, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით.
ამჟამად თბილისთან ახლოს ახალი საერთაშორისო აეროპორტის აშენება შეზღუდულია მთავრობასა და კომპანია TAV Georgia-ს შორის ხელმოწერილი შეთანხმებით. ეს კომპანია თბილისისა და ბათუმის აეროპორტებს მართავს.
შეთანხმების მიხედვით, რომელიც 2027 წლამდე მოქმედებს, ამჟამად აკრძალულია საერთაშორისო რეისების განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 200 კმ რადიუსში.
პირველ ტექნიკურ კვლევებს ვაზიანში აეროპორტის განვითარების შესაძლებლობაზე მსოფლიოს საავიაციო ინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო საკონსულტაციო კომპანია Airport Competence GmbH ჩაატარებს.