საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე სახის ამომცნობი სპეციალური სისტემა ამოქმედდა

აღნიშნული სისტემის ეფექტური ფუნქციონირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას.
Sputnik
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს სასაზღვრო კონტროლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით 2023 წლის 1 ოქტომბრიდან სახის ამომცნობი სპეციალური ელექტრონული პროგრამა ამოქმედდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნული სისტემა საშუალებას მისცემს მესაზღვრე-კონტროლიორებს, მონაცემთა ავტომატიზირებული დამუშავების გზით მყისიერად და უტყუარად მოახდინონ საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას ძებნილი, დეპორტირებული ან სხვა სამართალდამრღვევი პირების ზუსტი იდენტიფიცირება.
„სახის ამომცნობი სპეციალური ელექტრონული პროგრამის ფუნქციონირება უზრუნველყოფს საქართველოს მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, მათ შორის ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის პროცესის უკეთ წარმართვას", – ნათქვამია განცხადებაში.
სახის ამომცნობი სპეციალური პროგრამები წარმატებით გამოიყენება არაერთ ევროპულ ქვეყანაში და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.