თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე არგამოცხადებით საკონსტიტუციო სასამართლოსადმი უპატივცემულობა გამოავლინა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოში მეორე დღეა მიმდინარეობს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო სასამართლო განხილვა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. თავად პრეზიდენტმა საქმის განხილვაში უშუალოდ მონაწილეობაზე უარი განაცხა. მის ინტერესებს წარმოადგენენ იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.
„მისი ბათუმში ჩამოსვლა და საკონსტიტუციო სასამართლოში მისვლა იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი პატივისცემის გამოხატულება. თუ პრეზიდენტს აქვს დრო საზღვარგარეთ არაკონსტიტუციური ვიზიტებისთვის, რატომ ვერ მოიცალა საკონსტიტუციო სასამართლოში მოსასვლელად? ეს არის ელემენტარული უპატივცემულობა ამ კონსტიტუციური ორგანოს მიმართ და დამოკიდებულება, რასაც, ზოგადად, სალომე ზურაბიშვილი ავლენს საქართველოს კონსტიტუციის მიმართ", – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების" ლიდერმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის ინტერესების წარმომადგენლები ამჯერად მაინც შეძლებენ პირველი კურსის კაზუსთან გამკლავებას.
„იმედი მაქვს, რომ გუშინ საღამოს მათ იმსჯელეს და გაარკვიეს, თუ რა განსხვავებაა სტატუსსა და უფლებამოსილებას შორის. გუშინ მათ ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდათ. ეს ყველაზე მარტივი კითხვაა, რაზეც საჭიროა ყველაზე მარტივი პასუხი... რა განსხვავებაა სტატუსსა და უფლებამოსილებას შორის? ამ ელემენტარულ კითხვაზე პასუხის არქონა ნიშნავს, რომ მათ თავად იციან პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ", – განაცხადა კობახიძემ.
ეს არის პირველი კურსის, პირველი ლექციის კაზუსი, დანარჩენი დამოკიდებულია სასამართლოზე, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მმართველმა პარტიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ წამოიწყო, რაც სახელმწიფო მეთაურმა 31 აგვისტოს საზღვარგარეთული ტურნე და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრები დაიწყო მთავრობის თანხმობის გარეშე. პრეზიდენტის თქმით, ვიზიტების მიზანი საქართველოს დახმარებაა კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხში.
მმართველ პარტიას, რომელმაც სარჩელი შეიტანა, სასამართლო სხდომაზე წარმოადგენს პარლამენტის ოთხი დეპუტატი: „ქართული ოცნების" თავმჯდომარე და საქართველოს თანამედროვე კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი ირაკლი კობახიძე, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და დეპუტატები გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.
ირაკლი კობახიძე სასამართლოში ამტკიცებდა, რომ რადგან შეხვედრები პროტოკოლით ტარდებოდა და სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობდა როგორც პრეზიდენტი, დაირღვა კონსტიტუციის 52-ე მუხლი საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებების შესახებ, სადაც ნათქვამია: „საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას; მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს".
ამასთან, მან აღნიშნა, რომ 2013 წელს საქართველოს საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე გადასვლის შემდეგ კონსტიტუციაში გასაგებად წერია, რომ პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს წარმომადგენელია საერთაშორისო ურთიერთობებში და არ განსაზღვრავს მის პრიორიტეტებსა და პოლიტიკას ამ მიმართულებით.
საპარლამენტო რესპუბლიკებში და მონარქიებში მონარქებმა და პრეზიდენტებმა იციან, რომ ისინი არ შეიძლება, ჩაეჭრან მთავრობას არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში, აღნიშნა მან.
სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევის საქმეს იხილავს პლენუმი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მერაბ ტურავას ხელმძღვანელობით. პლენუმი გადაწყვეტილებას მხარეთა შემაჯამებელი სიტყვების დასრულების შემდეგ მიიღებს.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ".
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
თავის მხრივ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაეყრდნო, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
ამის პასუხად „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ აქაც არის მითითება, რომ საუბარია მოქმედებებზე უფლებამოსილების ფარგლებში.