თბილისის ერთ-ერთი კლინიკა უკანონო საქმიანობისთვის დააჯარიმეს

სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა ორ მცირეწლოვან პაციენტს.
Sputnik
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ თბილისში „იმედის კლინიკა“ უკანონო საქმიანობისთვის 20 ათასი ლარით დააჯარიმა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
უწყებამ „იმედის კლინიკას“ 13 სექტემბერს ქირურგიული და რეანიმაციული მომსახურების მიწოდების ნებართვა შეუჩერა დაწესებულებაში არსებული დარღვევა-ნაკლოვანებების გამო. მიუხედავად ამისა, კლინიკაში 2 ოქტომბერს ორ მცირეწლოვან პაციენტს გეგმიური ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რაც უკანონო სამედიცინო საქმიანობას წარმოადგენს, აღნიშნეს სააგენტოში.
„იმედის კლინიკაში“ ფუნქციონირებს როგორც სამშობიარო, ისე სტაციონარული განყოფილება ბავშვებისთვის.
2023 წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა რეანიმაციული და ქირურგიული მომსახურების სანებართვო პირობები. ცვლილების მთავარი მიზანია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფა.
სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს აღნიშნული განყოფილებების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის და ა.შ. მიმართულებით.