მსოფლიო დღეს

წყარო: ევროკავშირი უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დასაწყებად ემზადება

Sputnik
თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირი, სავარაუდოდ, დეკემბერში გამოაცხადებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებს იწყებს ბლოკში მისი გაწევრიანების შესახებ, წერს Politico დიპლომატიური წრეების სამ წყაროზე დაყრდნობით.
მათი თქმით, ევროკავშირის ლიდერები კიევისთვის „მწვანე შუქის ასანთებად ემზადებიან“, რათა ბლოკში მისი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები წლის ბოლომდე დაიწყოს.
მანამდე, გასული წლის ივნისში ევროკავშირმა უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. მოსალოდნელია, რომ კომისია ნოემბერში გამოაქვეყნებს ანგარიშს უკრაინისა და სხვა კანდიდატი ქვეყნებისთვის წაყენებული პირობების შესასრულებლად გაწეული მუშაობის შესახებ.
როგორც Politico წერს, მას შემდეგ, რაც კანდიდატი სახელმწიფოს პროგრესის შესახებ ანგარიში დამტკიცდება, კომისია განცხადებას გამოაქვეყნებს.

„ეს განცხადება ძალიან გაურთულებს წევრ ქვეყნებს უარის თქმას მოლაპარაკებების დაწყებაზე უკრაინასთან დაკავშირებით“, — განუმარტა გამოცემას ევროკავშირის ანონიმმა დიპლომატიურმა წყარომ.

უკრაინამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად კომისიის შვიდი პირობა უნდა შეასრულოს, რომელთაგან, აგვისტოს მონაცემებით, მხოლოდ ორია დაკმაყოფილებული.
წყაროების თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე ნებისმიერ გადაწყვეტილებას პოლიტიკური და სამართლებრივი მნიშვნელობა ექნება. თუ უკრაინა შვიდივე პირობის დაკმაყოფილებას ვერ შეძლებს დეკემბრის შუა რიცხვებამდე, ანუ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების სამიტამდე, ლიდერები მაინც გააკეთებენ პოლიტიკურ განცხადებას მოლაპარაკებების დაწყების შესახებ – მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა მოლაპარაკებების იურიდიული ჩარჩოები საბოლოოდ განსაზღვრული.
„დეკემბრის მიზანი არის პოლიტიკური შეთანხმება მოლაპარაკებების დაწყების შესახებ“, — განმარტა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ.
მისი თქმით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ სამართლებრივი გადაწყვეტილება, შესაძლოა, 2024 წლის დასაწყისში მიიღონ.