თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო სამართლის საკონსულტაციო ორგანო – ვენეციის კომისია ე.წ. დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით დასკვნას არ მოამზადებს, რადგან ეს არ არის სამართლებრივი დოკუმენტი ან კანონი, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან რიგით მეხუთეა. 23 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს კლერ ბაზი მელორის წერილით მიმართა და 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიღებული კანონების, კანონპროექტების და დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის შეფასება სთხოვა.
მანამდე, 19 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით ჩააგდო „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი, რომელიც ე.წ. პერსონალურ მიდგომას ეყრდნობა. როგორც მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა დეოლიგარქიზაციის კანონმა პრაქტიკული აქტუალობა დაკარგა.
მისი ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ბოლოს გახდება ცნობილი ვენეციის კომისიის დასკვნა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელიც პარლამენტის ბიუროს ინიცირებისთვის ორშაბათს წარედგინა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვენეციის კომისიაში ასევე გაგზავნილია „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, ანტიკორუფციულ ბიუროსთან, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან დაკავშირებული დებულებები.
„ამ საკითხებზე ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ დასკვნის მოსამზადებლად მეტი დრო დასჭირდება. ამიტომაც მოსალოდნელია, რომ დასკვნა იქნება დეკემბრის დასაწყისში. როგორც წესი, ამ დროს იმართება ხოლმე ვენეციის კომისიის სხდომა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
„ქართული ოცნება“ მუშაობას მას შემდეგ შეუდგა, რაც გახმოვანდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო პირობები.
საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2023 წლის დეკემბერში ელოდება. ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.