სტიქია აჭარაში: დატბორილია სახლები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად მდინარე ყოროლისწყალი ადიდდა, რის გამოც სოფელ ყოროლისთავში დაიტბორა კოტეჯები და საცხოვრებელი სახლების ნაწილი, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
სტიქიის ზონაში იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი. ზაზა დიასამიძის განცხადებით, კოტეჯები, რომლებიც ადიდებულმა წყალმა დატბორა, ამჟამად არ ფუნქციონირებდა, ვინაიდან ექსპლუატაციაში არ არის მიღებული.

„ადიდებულია მდინარე ყოროლისწყალი თავისი შენაკადებით. ჩვენ ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად ადგილზე ვიმყოფებით და ვსწავლობთ ვითარებას. კოტეჯები არ ფუნქციონირებს, ექსპლუატაციაში არ არის მიღებული. ამასთან დაკავშირებით განცხადებას დამატებით გავაკეთებთ“, – განაცხადა ზაზა დიასამიძემ.

მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად ასევე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
ადგილობრივების ცნობით, მდინარის კალაპოტთან ახლოს არსებულ კოტეჯებში არავინ ყოფილა, სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
უამინდობამ პრობლემები შეკვეთილსა და ქობულეთშიც შექმნა.