თბილისი, 3 ოქტომბერი – Sputnik. ID ბარათისა და ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები სამგზავრო დოკუმენტების ძირითადი სერტიფიკატების ICAO-ს სტანდარტებთან შესაბამისობის წყალობით სასაზღვრო კონტროლს კიდევ უფრო მარტივად გაივლიან, იუწყება იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
მონრეალში ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ICAO-ს მე-18 სიმპოზიუმში მიიღეს მონაწილეობა, სადაც დელეგატები ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოებისა და იდენტიფიცირების მიმართულებით არსებულ ახალ ტექნიკურ და სამართლებრივ სტანდარტებს გაეცნენ.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) პირველად გადასცა ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის ელექტრონული მოწმობის უტყუარობის დამადასტურებელი ძირითადი სერტიფიკატები (CSCA).
სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ვლადიმერ სიჭინავამ მონრეალში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში წარადგინა სერტიფიკატები, რომლებიც აიტვირთა ამავე ორგანიზაციის ღია გასაღებების დირექტორიაში (ICAO PKD).
ღია გასაღებების დირექტორია არის დოკუმენტების უტყუარობის დადგენის ერთიანი სისტემა, სადაც განთავსებულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი 193 ქვეყნის მონაცემები, რაც ხელს უწყობს საზღვრებზე სახელმწიფოებს შორის სამგზავრო დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფ გაცვლას.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ადგენს და მუდმივად აახლებს სამგზავრო დოკუმენტების სანდოობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე პერიოდულად მართავს სიმპოზიუმებს, რომლებშიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო რეგულარულად მონაწილეობს.
სააგენტო რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო ღონისძიებებში, რათა მომხმარებელს კიდევ უფრო გაუმჯობესებული სერვისები შესთავაზოს.