საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციის დარღვევა სამჯერ აღიარა - ირაკლი კობახიძე

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე სასამართლო განხილვა მიმდინარეობს.
Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამი სხვადასხვა ფორმით პირდაპირ აღიარა, რომ მისი საზღვარგარეთული ვიზიტები სახელმწიფო ლიდერებთან შესახვედრად არაკონსტიტუციური იყო, და ის ამას მთლიანად აცნობიერებდა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ამის შესახებ კობახიძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო სასამართლო განხილვა მიმდინარეობს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით.
მმართველმა პარტიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ წამოიწყო, რაც სახელმწიფო მეთაურმა 31 აგვისტოს საზღვარგარეთული ტურნე და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრები დაიწყო მთავრობის თანხმობის გარეშე. პრეზიდენტის თქმით, ვიზიტების მიზანი საქართველოს დახმარებაა კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხში.
აღიარება №1
კობახიძის თქმით, პრეზიდენტმა ვიზიტის განხორციელებაზე თანხმობის მისაღებად მთავრობას მიმართა.

„მან თავად ითხოვა თანხმობა, ანუ მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ შესაბამისი ვიზიტის განხორციელება საჭიროებდა თანხმობას, შეგნებული ჰქონდა ეს და მას შემდეგ, რაც ვერ მიიღო თანხმობა, მაინც განახორციელა ვიზიტი. პრეზიდენტს რომ ჰქონოდა რწმენა, რომ შესაბამის ვიზიტს არ სჭირდებოდა თანხმობა, არც მიმართავდა მთავრობას თანხმობის თხოვნით", – განაცხადა კობახიძემ.

აღიარება №2
კობახიძემ მორიგ აღიარებად დაასახელა ზურაბიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ მისი ვიზიტები არ იყო დაფინანსებული ბიუჯეტიდან და ის საზღვარგარეთ თავისი ხარჯით გაემგზავრა.

„თუ იყო ლეგიტიმური, რატომ არ დააფინანსა ბიუჯეტიდან? ეს არის მორიგი აღიარება, რომ ვიზიტები იყო არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური და სწორედ ამის გამო მოუწია მას საკუთარი ჯიბის ფულის დახარჯვა", – განაცხადა კობახიძემ.

როგორც მან აღნიშნა, მას რომ ბიუჯეტის ფული დაეხარჯა, ეს კონსტიტუციის დარღვევასთან ერთად იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც.

„ეს არის არამიზნობრივი ხარჯი. როდესაც ახორციელებ არალეგიტიმურ ვიზიტს და ამაში ხარჯავ ბიუჯეტის ფულს, ეს დამატებით არის სისხლის სამართლის დანაშაული, გარდა კონსტიტუციის დარღვევისა", – განაცხადა მან.

კობახიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტს შეიძლება ჰქონოდა იმედი, რომ იმპიჩმენტისთვის პარლამენტის დეპუტატები ვერ შეძლებენ ხმების აუცილებელი რაოდენობის მიღებას, მაგრამ სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევისას მათი იმედი ვერ ექნებოდა.
„როდესაც იმპიჩმენტზეა საუბარი, იქ შეიძლება გქონდეს კონკრეტული დეპუტატების იმედი, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ შენს გადაყენებას, მაგრამ თუ სჩადიხარ დანაშაულს, აქ პოლიტიკოსების იმედზე ვერ იქნები", – განაცხადა კობახიძემ.
აღიარება №3
კიდევ ერთ აღიარებად კობახიძემ პრეზიდენტის ინტერვიუ დაასახელა ლიეტუვური ტელეარხისთვის, სადაც ზურაბიშვილმა განაცხადა: „ოფიციალურად არ ვარ უფლებამოსილი, ეს ვიზიტი განმეხორციელებინა, მაგრამ ვმოქმედებ რწმენით და მიმაჩნია, რომ ეს უნდა გამეკეთებინა".

„ამაზე მეტი აღიარება არ ვიცი. სამი სხვადასხვა ფორმით პირდაპირ აქვს აღიარებული, რომ ის არაკონსტიტუციურ ვიზიტებს ახორციელებდა და ეს შეგნებული და გაცნობიერებული ჰქონდა", – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე კონსტიტუციური წარდგინების ერთ-ერთი ავტორია, რომელიც მმართველმა პარტიამ 12 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა უმრავლესობის 80 დეპუტატის წერილობით მოთხოვნასთან ერთად, რათა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაწყებულიყო.
თავად საქართველოს პრეზიდენტი სხდომაზე არ გამოცხადდა, მის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში იცავენ თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ".
პრეზიდენტის იმპიჩმენტი - საკონსტიტუციო სასამართლოში უპრეცედენტო სხდომა დაიწყო>>
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
თავის მხრივ, ზურაბიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს დაეყრდნო, რომელიც ყველა საკონსტიტუციო ორგანოს ავალდებულებს, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
ამის პასუხად „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ აქაც არის მითითება, რომ საუბარია მოქმედებებზე უფლებამოსილების ფარგლებში.
სტატუსის მოლოდინში
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
იმპიჩმენტი დემოკრატიის ნაწილია - არჩილ თალაკვაძე>>
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კი განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანამ ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე მუშაობა საკანონმდებლო დონეზე თითქმის დაასრულა.